logo
ENG



მელია: ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს

06 აპრ 202121:32
3 წუთის საკითხავი
 
მელია: ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ 8 აპრილს დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე ხელისუფლება მის გათავისუფლებას არ დაუშვებს, მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა. ნიკა მელიამ მთავარ არხს წერილობით უპასუხა. 

"ვფიქრობ, რომ სასამართლო არ გააუქმებს ჩემი პოლიტიკური პატიმრობის გადაწყვეტილებას, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენ გასულები ვართ სამართლებრივი სივრციდან და ქვეყანაში გვაქვს ველური დღის წესრიგი, სადაც ხელისუფლება თვლის, რომ ოპონენტი უნდა დაჩაგროს, მათ შორის დაპატიმრების გზით.

მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, ხელისუფლება ჩემს გათავისუფლებას არ დაუშვებს, იმის გამოც, რომ ამ შემთხვევაში, მოლაპარაკების შემდგომ რაუნდზე ივანიშვილის წარმომადგენლებს ჩემთან ერთად მოუწევთ მაგიდასთან დასხდომა, სადაც მექნება უდიდესი მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა, თუ რატომ ამის ახსნას არ დავიწყებ. გარდა ამისა, ხელისუფლება არ მომცემს საშუალებას აქტიურად ჩავერთო 15 მაისის საპროტესტო აქციის მომზადებაში და ამ მიზნით შემოვიარო მთელი თბილისი და ყველა რაიონი", - ნათქვამია მთავარი არხის მიერ გავრცელებულ მელიას კომენტარში. 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ხუთშაბათს, 8 აპრილს 11 საათზე ჩაინიშნა. ადვოკატის განცხადებით, სხდომაზე ხელისუფლების გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს "მოსამართლის პირით".

ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" საუბრისას მანვე თქვა, რომ გირაოს გადახდის შესაძლებლობა ტექნიკურად აღარ არსებობს და ახლა ჯერი მოსამართლის გადაწყვეტილებაზეა. 

ადვოკატი, ასევე ამბობს, რომ უცნობია, იმსჯელებს თუ არა მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე. დაცვის მხარე გეგმავს შუამდგომლობების დაყენებას.


close დახურვა