პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ცოტა ხნის წინ "ქართუ ბანკის" საქმეზე მისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. ნიკა მელია აცხადებს, რომ ეს იყო ივანიშვილის მცდელობა ჩამოეშორებინა ის პოლიტიკური პროცესებიდან. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საქმე სრულიად აბდურდულია.
„7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს საქმე. 25 ადამიანი იყო თავიდან ჩემთთან ერთად ბრალდებული. ყველას უკლებლივ გაუკეთდა განრიდება და მათ მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა და შემომატოვეს მხოლოდ მე, ვინაიდან პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩავერთე და არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ. აბსოლუტურად აბსურდული საქმეა. რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, არ ვიცი ივანიშვილი აშაყირებს თუ არა თავის გუნდის წევრებს, კვლავ ჩაუგდო "ოცნების" წევრებს კენჭი და მათ უნდა იმსჯელონ იქნება ნიკა მელია მათი კოლეგა თუ არა - ბექა ოდიშარიამ უნდა მიაჭიროს ისევ ხელი.
"ივანიშვილის ძალაუფლება ძალიან მყიფეა, შეიძლება, მოსამართლეც ბოლომდე ვერ დაიყოლიეს, ან ივანიშვილს ბრძანების გაცემის ვერტიკალი ჩამოშლილი აქვს, ან სასამართლოში ქვედინებებია, რაც ივანიშვილს არ მოწონს. რეალურად, "ოცნების" დეპუტატების ამოცანაა, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, რასაც კენჭი უნდა უყარონ, ეს ყველაფერი "ოცნების'" დეპუტატების გარეშე ვერ გაკეთდება, არ უნდათ ხელის მიჭერა და უღირთ. სამაჯურით ოდნავ გამანეიტრალა, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც სურდა. გავრილოვის საქმე შემონახული აქვს, მაგრამ ივანიშვილი უნდა მიხვდეს, რომ სისხლის სამართლის სამით ოპონენტს ვერ შეაჩერებს მით უფრო, როდესაც საპატიმრო საკნის ოთხი კედელი ძალიან მყიფეა. 2016 წლამდე ვიყავი აქტიური და საერთოდ არ ვიყავი პარლამენტის წევრი. უბრალოდ, საპარლამენტო საქმიანობა იძლევა საშუალებას "ოცნების" დეპუტატებს თვალებში ჩახედო. ამათ მცდელობა აქვთ პარლამენტს მომწყვიტონ“, - განაცხადა მელიამ.
სასამართლომ ბანკი „ქართუს“ საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ნაწილობრივ გაამტყუნა, ხოლო ნაწილობრივ გაამართლა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მელიას მოსამართლემ 25 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
გარდა ამისა, მელია ორი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს თანამდებობის დაკავებას და შეუწყდება საპარლამენტო მანდატი.
რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის ნაწილს - მოსამართლის გადაწყვეტილებით, მელიამ არ იცოდა, რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრება იგეგმებოდა და არ ყოფილა წინასწარი შეპირება.
შეგახსენებთ, რომ „ქართუს“ საქმე 2012 წელს დაიწყო. 7 წლის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები, პოლიტიკაში ჩართული ბიძინა ივანიშვილის ანგარიშსწორების მიზნით, ბანკის გაკოტრებას გეგმავდნენ. კერძოდ, მოქმედებდა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც პოლიტიკური თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი.
პროკურატურის ინფორმაციით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს უფლება ეძლეოდა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, ამ ფირმას გააჩნდა თუ არა ბანკის ვალი. ხოლო, აღსრულების ეროვნული ბიუროს იმისთვის, რომ ბანკი '"ქართუს" ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონს შლიდნენ. შედეგად, აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადაცემდა.