logo
ENG



მელია აქციის მონაწილეებს: მე აქ ვრჩები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც უნდა დარჩეთ

09 ნოე 202021:05
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/09/izki9m6zkzsdn99.jpg

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ 22:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვის მიუხედავად, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს.

როგორც მელიამ აღნიშნა, დაწესებულ შეზღუდვას მასთან ერთად დღეს ბევრი მოქალაქე არ დაემორჩილება, თუმცა მისივე თქმით, აუცილებელი არ არის, პარლამენტთან აქციის ყველა მონაწილე დარჩეს.

"აქ არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ვინც აპირებს დღეს რუსთაველის გამზირზე დარჩენას. გვინდა რომ ენერგია შემოგანახინოთ თქვენ, გვინდა რომ იყოთ ჯანმრთელები და მხნედ, მათ შორის შაბათი დღისთვის. ამიტომ ვერც ერთ თქვენგანს ვერ დავავალდებულებ რომ დარჩეთ. მე ბუნებრივია აქ დავრჩები მეგობრებთან ერთად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც უნდა დარჩეთ. თუ არ დარჩებით, ამით თქვენც შეგვიმსუბუქებთ ცხოვრებას, იმიტომ რომ აქ საკმარისად დავრჩებით", - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ახლა აუცილებელია, ოპოზიციამ და მოქალაქეებმა გონივრული ნაბიჯებით იბრძოლონ.

"ამ რეჟიმმა ისეთი მოცემულობა შექმნა, რომ ჭკუით უნდა ვიბრძოლოთ, გონივრულად უნდა ვებრძოლოთ. აქ საკმარისი ახალგაზრდები რჩებიან პოლიტიკოსებთან ერთად და ვნახოთ რას მოიმოქმედებს ეს რეჟიმი, რომელიც ისეთ სპირალშია შემძვრალი, საიდანაც გამარჯვებული ვეღარ გამოვა", - თქვა ნიკა მელიამ.

პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

მიუხედავად იმისა, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩებში მოქალაქეების გადაადგილება დღეიდან იზღუდება, მომიტინგეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ტერიტორიას არ დატოვებს და ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვას არ დაემორჩილება.

შეგახსენებთ, გუშინ, 8 ნოემბერს, საპროტესტო აქცია, რომელიც პარლამენტის შენობასთან გაიმართა და ცესკო-სთან გაგრძელდა, სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა. მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. აღნიშნულის შედეგად დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე, ასევე დაშავდნენ სხვადასხვა მედიების ჟურნალისტები და ოპერატორები. 


close დახურვა