ნაციონალური მოძრაობის დაპატიმრებულმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოში თავისსავე პროცესზე საკუთარი დაპატიმრების დღე გაიხსენა და განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, რომელიც დეკლარირებულად, სწორედ მელიას დაპატიმრების მიმართ წინააღმდეგობის გამო გადადგა თანამდებობიდან, სინადმვილეში, ბოლო მომენტამდე მისი დაპატიმრების მომხრე იყო.
მელიამ მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებაც გაიხსენა, კობახიძე აცხადებდა, რომ გადამდგარი პრემიერი ბოლო მომენტამდე მელიას დაპატიმრებას უჭერდა მხარს, დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე კი გადადგა. კობახიძის ნათქვამიდან გაირკვა, რომ მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს განჩინების გამოცხადებამდე იყო მიღებული.
"[კობახიძემ]აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, მელია უნდა დაგვეჭირა და ბოლო მომენტში გადათქვაო", - განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ სხვაგვარად გახარიას თანამოაზრეები მას იმუნიტეტს არ მოუხსნიდნენ, - "გახარია თუ წინააღმდეგი იყო, მისი მეგობრები მე იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ...".
პარალელურად, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა, რომელმაც მელიას 27 თებერვალს პატიმრობა უკვე შეუფარდა, მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მელიას ადვოკატები კობახიძის დაკითხვას მისი საჯარო განცხადებების საფუძველზე ითხოვდნენ.
გიორგი გახარიამ კი მედიასთან უკვე არაერთხელ დაადასტურა, რომ პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავს, თუმცა ის პროცესების აქტიური მონაწილე ამ დრომდე არ არის.
28 თებერვლის დილას მისი გადადგომა ნიკა მელიას პატიმრობის საკითხს უკავშირდებოდა, სასამართლოს გადაწყვეტილების და სპეცრაზმის მობილიზების შემდეგ, გახარია მოულოდნელად გადადგა და ეს საჯაროდ განაცხადა, რამაც ენმ-ის თავმჯდომარის დაპატიმრება რამდენიმე დღით გააჭიანურა.