პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პოლიციამ გაშლილი კარვები აიღო, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია მივიდა. როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საკანონმდებლო ორგანოსთან კარვები ისევ დაიდგემა, ხოლო მოქალაქეების დარბევის გამო, მმართველი გუნდი პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.
„ძალიან მძიმე პოლიტიკური დარტყმა მოხვდება „ქართულ ოცნებას“, კიდევ ერთი და, ალბათ, მომაკვდინებელი პოლიტიკური დარტყმა. ამ მოედანზე თვალები ამოუვარდათ ბავშვებს და შვილმოკლული მამები დღემდე ითხოვდნენ მკვლელების დასჯას, ეს ადამიანები დაარბიეს. ეს მოედანი მორეცხეს ანუ მალხაზ მაჩალიკაშვილს უთხრეს, რომ შენი შვილის მკვლელი არ დაისჯება და თვალებდათხრილ ადამიანებს უთხრეს, რომ არც მსროლელები და ის დამნაშავეები დაისჯებიან. ივანიშვილმა გააკეთა ამ შეშინებულმა და აცახცახებულმა ადამიანმა. მლიქვნელი ხელისუფლებაა და არ შერჩება. რამდენი ადამიანი უნდა დაიჭირონ? რამდენი უნდა დაგვიჭიროთ? ამდენი არც ციხის საკნები გეყოფათ და არც სასამართლოს დარბაზები გეყოფა ბიძინა ივანიშვილო და კახი კალაძე. სათითაოდ აგებთ პასუხს ქართველი ხალხის წინაშე. 20 ივნისის პოლიტიკური ფასი თქვენ არ გადაგიხდიათ და რაც გამოგგლიჯათ ხალხმა ის უკან წაიღეთ, პროპორციული არჩევნები. კობახიძეებს, გახარიებს არ გაგივათ ამ ქვეყანაში პარპაში. მხოლოდ არანორმალური, გიჟი, მხოლოდ პოლიტიკურად შეურაცხადი ადამიანი და მხოლოდ შეშინებული გააკეთებდა იმას, რაც გააკეთა. ასე ულოცავთ დამდეგ ახალწელს ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ? ამ დარბევით მალხაზ მაჩალიკაშვილს ეს უთხარით ? ათობით ჟურნალისტს ეს უთხარით, რომელიც დასახიჩრდა? რუსეთში კრიმინალურად გამდიდრებული ადამიანი ფიქრობს, რომ თავდასხმა არის საუკეთესო თავდაცვა, მაგრამ ეს არ გამოგივა ივანიშვილო, როდესაც შენ ელაპარაკები ქვეყნის მოსახლეობას. ამიტომ აქ, რა თქმა უნდა, დაიდგმება მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც და ყველას კარავიც, რაც აქ იდგა სანამ ივანიშვილი ფასს ბოლომდე შესაბამისად არ გადაიხდის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომარეობა პერიოდულად იძაბება. ადგილზე მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება პერიოდულად ხდება. ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირების დროს პოლიციამ 10-მდე აქტივისტი დააკავა, მათ შორის ზუკა ბერძენიშვილი და ნოდარ რუხაძე. ასევე დააკავეს მოქალაქე, რომელმაც ერთ-ერთ პოლიციელს მონა უწოდა. ვითარება ადგილზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამართალდამცველებმა საკანონმდებლო ორგანოსთან განთავსებული კარვების აღება დაიწყეს. მანამდე პარლამენტის წინ წელზე მეტხანს მალხაზ მაჩალიკაშვილის, ზაზა სარალიძის და სხვადასხვა აქციების მონაწილეების კარვები იყო გაშლილი. მერიამ და პოლიციამ კარვების დაშლა პარლამენტის შენობაზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟით ახსნეს.