logo
ENG



მელია მოუწოდებს საქართველოს ბანკს, არ დაუშვას სხვისი მხრიდან მისი გირაოს დაფარვა

11 თებ 202118:09
3 წუთის საკითხავი
 
მელია მოუწოდებს საქართველოს ბანკს, არ დაუშვას სხვისი მხრიდან მისი გირაოს დაფარვა

ენმ - ძალა ერთობაშიას თავმჯდომარე ნიკა მელია პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ არ აპირებს 20 ივნისის საქმის ფარგლებში დაკისრებულ გირაოს გადახდას და მოუწოდებს საქართველოს ბანკს, რომელზეც სპეციალური ანგარიშია შექმნილი, არ დაუშვას სხვა რომელიმე მოქალაქის მიერ მისი გირაოს თანხის დაფარვა. 

მელიას თქმით, იმისათვის, რომ ვინმემ მისი გირაო გადაიხადოს და საქართველოს ბანკის სპეციალურ ანგარიშზე ფული თანხა ჩარიცხოს, საჭიროა სპეციალური უნიკალური კოდი, რომელიც მას და მის ადვოკატს პროკურატურიდან არ გამოუთხოვიათ

"ჩვენ არ მიგვიმართავს პროკურატურისთვის ამ მოთხოვნით, შესაბამისად, ეს კოდი არის უცნობი ყველასთვის. თუკი მოხდება შესაბამის ანგარიშზე, ჩემ სასარგებლოდ, გირაოს გადახდა. ეს იქნება ჩემი უფლებების შელახვა და მოგმართავთ თხოვნით, რომ ეს არის არა მხოლოდ უფლების დარღვევა, არამედ კანონის დარღვევაც. ამიტომ ამის მონაწილე, იმედია, არ გახდება ჩვენთვის საპატივცემულო საბანკო დაწესებულება", - ამბობს მელია. 

მელია გირაოს დაკისრების დღიდან მოყოლებული საჯაროდ აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს. მისი თქმით, სახელისუფლებო მედია და ქართული ოცნების წევრები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ის თანხას სხვა მოქალაქის ხელით დაფარავს. 

"ეს იქნებოდა სირცხვილი და დანაშაული, საკუთარ თავთან, პირველ რიგში", - ამბობს მელია და საქმეს, რომლის ფარგლებშიც სასამართლომ მას გირაო დააკისრა, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 

დღეს, პროკურატურამ მელიას გირაოსთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღსრულების ბიუროს დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. 

საკითხს მოგვიანებით ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "გირაოს გადახდა მოხდება, შეიძლება, არა მელიას, მაგრამ მეგობრების მხრიდან". 

5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე. მელია ამბობს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. 

საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს - მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. 

ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარამდე. 


close დახურვა