logo
ENG



მელია სააკაშვილზე: ან პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში, ან უნდა დავიწყოთ მოქმედება

21 დეკ 202221:12
3 წუთის საკითხავი
 
მელია სააკაშვილზე: ან პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში, ან უნდა დავიწყოთ მოქმედება
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ან გონივრულ ვადაში დასრულდება, ან ყველამ მოქმედება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ვითხოვთ, გონივრულ ვადაში დასრულდეს პროცესი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობისა და მკურნალობის გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით. შესაბამისად, ან ხვალ ყველა ერთად გავიგებთ, რომ პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში ან ყველამ, ვისაც გვაქვს სახელმწიფოებრივი და ჰუმანური პოზიცია, უნდა დავიწყოთ მოქმედება და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია შესაძლებლობების ზღვარზე და მის მიღმა.

ყველას გვახსოვს 1993 წლის დეკემბერში დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც გადაწყვიტა არა ერთი ადამიანის, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ბედი, არამედ ქვეყნის შემდგომი უბედობა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დღეს არჩევანი, რომელიც შეიძლება, სულ მალე აღარ გვქონდეს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, არ გვქონდეს ეს არჩევანი, არ უნდა დავუშვათ მოკლული იქნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მასთან ერთად ქართული სახელმწიფოს მომავალი", - განაცხადა მელიამ.

ხვალ 11:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია, ჩართავენ თუ არა ექსპრეზიდენტს დისტანციურად. წინა პროცესზე, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, მესამე პრეზიდენტს ჩართვის უფლება არ მისცეს.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად. 

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა. გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, სისასტიკეა".


close დახურვა