logo
ENG



მელია საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ოცნება გზას ეძებს, რომ ჩაიდინოს პოლიტიკური თაღლითობა

30 ნოე 202123:03
3 წუთის საკითხავი
 
მელია საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ოცნება გზას ეძებს, რომ ჩაიდინოს პოლიტიკური თაღლითობა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ქართული ოცნება გზას ეძებს, რომ საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ ჩაიდინოს პოლიტიკური თაღლითობა. ამით ნიკა მელია მთავარი არხის ეთერში ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას გულისხმობს, არ განიხილება.

"რატომ აკეთებს ამ ყველაფერს? იმიტომ, რომ იცის, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება. ზუსტად იცის ქართულმა ოცნებამ. იძულებული გახდებიან. ვინ გახდის იძულებულს? - საზოგადოება. როდესაც ესენი მეორე და მესამე მოსმენით მიიღებენ ცვლილებებს, რომლითაც ჩაიწერება კონსტიტუციაში, რომ თუ 2022 წლის აპრილის თვეში ჩატარდება არჩევნები, ის არჩევნები უნდა იყოს სრულად პროპორციული, ქართულმა ოცნებამ იცის, რომ აპრიორი დამარცხებულია, ამას არც უარყოფს. ამიტომ, გზას ეძებენ, რომ ჩაიდინონ კიდევ ერთხელ პოლიტიკური თაღლითობა საერთაშორისო და ქართული საზოგადოების წინაშეც", - თქვა მელიამ.

ამასთან, როგორც მელიამ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ წლის ბოლომდე წარადგინოს გეგმა, როდის და როგორ აპირებენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას.

წამყვანმა მელიას ჰკითხა, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, ექნება თუ არა აზრი, ენმ-ს პარლამენტში დარჩენას, რაზეც მელიამ თქვა:

"დაახლოებით 3 თვის წინ, როდესაც მე ჩემს მეგობრებთან შეთანხმებით გავაკეთე განცხადება და ვთქვი, რომ ვტოვებ პარლამენტს გარკვეული მოსაზრებების გამო, მაგრამ პარტია რჩება პარლამენტში, იქ ერთადერთი მიზეზი ჩემ მიერ ნახსენები იყო სწორედ  საკონსტიტუციო ცვლილებები.

დეკემბრის ბოლომდე ბატონი კუჭავა, კობახიძე, ქართული ოცნება თუ კალენდარს არ წარმოგვიდგენს და არ გვეტყვის როგორ და რანაირად აპირებენ, თუმცა დღეს მათ რეალურად გვითხრეს, მაგრამ მინდა მოვისმინო პარლამენტის თავმჯდომარისგანაც პასუხი, ერთი თვე არის საკმარისი დრო, რომ ეს ყველაფერი მოიყვანონ სისტემაში, თუ ამ ყველაფერს არ აკეთებენ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იქნება შესაბამისი და ვითარებასთან ადეკვატურობაში მოსული". - ამბობს მელია.

საკონსტიტუციო კანონის პროექტის ინიცირება, რომელიც მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს, შარლ მიშელის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ცვლილებები პარლამენტმა I მოსმენით მიიღო

თუმცა, ახლა, როგორც კობახიძე ამბობს, ცვლილებების დამტკიცება "სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული".

"ამ ეტაპზე საერთოდ არ გრძელდება კანონპროექტის განხილვა. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ ამ ცვლილებების მიღების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. 

ის ბარიერი, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, არის სრულად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5%-იანი ბარიერი, 2024 წლიდან ამოქმედდება ყველა შემთხვევაში სრულად პროპორციული სისტემა თავისი 5%-იანი ბარიერით.

რაც შეეხება 2 %-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5 %-იანზე, ამაზე არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციულ სისტემით უნდა ჩატარდეს.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, 8 მარტის შეთანხმების მიხედვით, 120+30 სისტემით და 1%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. 

შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის მიხედვით კი, რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 

თუმცა, ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება დატოვა, ხოლო შალვა პაპუაშვილმა მეორე მოსმენისთვის ბარიერის 3%-მდე გაზრდის შესახებ ისაუბრა.


close დახურვა