logo
ENG



მელიას ადვოკატი: დღეიდან ნიკა მელია არის პოლიტიკური ტყვე

13 აპრ 202115:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/13/3v4hgg2qcdds9iy.jpg

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ დღეიდან ნიკა მელია პოლიტიკური ტყვეა. 

როგორც საძაგლშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე მისთვის მოულოდნელი არაფერი არ მომხდარა. 

"არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა. თუ კი აქამდე მელია იყო პოლიტიკური პატიმარი, დღეიდან ის არის პოლიტიკური ტყვე. პროკურატურის პოზიციის თანახმად, ამ საქმის განხილვისთვის პატიმრობა არ არის აუცილებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლომ დატოვა პატიმრობაში ნიკა მელია. ეს არის ტყვეობა და მეტი არაფერი", - თქვა საძაგლიშვილი.

მისივე თქმით, პროკურატურის შეთავაზება გირაოს გადახდასთან დაკავშირებით "უცხოელების მოსატყუებელი ტრიუკია".

"ეს შეთავაზება პროკურატურის მიერ გაკეთებული იყო ტრიუკი გათვლილი იყო უცხოელების მოსატყუებლად და ეს დღევანდელ სასამართლოზე გამოჩნდა", - ამბობს საძაგლიშვილი.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს.  მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა.


close დახურვა