ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, პროკურატურის განცხადება გირაოს გადახდის შესახებ კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მოსამართლემ არ უნდა გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა.
გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, პროკურატურა აღიარებს, რომ პატიმრობა არ არის ერთადერთი აღკვეთის ღონისძიების სახე, რისი გამოყენებაც სასამართლოს შეუძლია.
„თუკი პროკურატურას აქვს მსგავსი პოზიცია, ნიშნავს, რომ პროკურატურა აღიარებს, რომ პატიმრობა არაა უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიება. მოსამართლე ვალდებულია, გაათავისუფლოს მელია, როცა იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების განგრძობადობის საკითხზე. ამაში დამეთანხმება ნებისმიერი იურისტი. თუ პროკურატურის საჯარო პოზიციაა, რომ გირაოს ქვეშაც შესრულდება აღკვეთის ღონისძიების მიზნები, ეს ნიშნავს, რომ მოსამართლე ვალდებულია, გაათავისუფლოს მელია, ვინაიდან პატიმრობა არ არის უალტერნატივო აღკვეთის ღონისძიება", - ამბობს გიორგი კონდახაშვილი.
მელიას ადვოკატის განცხადებით, ენმ-ის თავმჯდომარე ვერ დაესწრება სასამართლო სხდომას, თუმცა ამასთან დაკავშირებით ისინი შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ.
„ნიკა მელია დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება. დავაყენებთ შუამდგომლობას ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ასევე, დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ დაესწროს სხდომას. ჩვენ გვაქვს ცალსახა პოზიცია - მელია იმყოფება უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში და მისი გათავისუფლება არის ხელისუფლების მიერ მისაღები გადაწყვეტილება. როგორი პოზიცია ექნება პროკურატურას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ყველა ვიხილავთ", - აცხადებს ადვოკატი.
პროკურატურამ პროცესის დაწყებამდე კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ ნიკა მელიას შეუძლია, გადაიხადოს გირაო. პროკურორმა ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, რომ "ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა".
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.
17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო.
23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს. მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.