logo
ENG



მელიას გამარჯვების შემთხვევაში ვიცე მერი მამუკა ხაზარაძესთან ერთად ზურაბ ჯაფარიძეც იქნება

20 ოქტ 202121:17
3 წუთის საკითხავი
 
მელიას გამარჯვების შემთხვევაში ვიცე მერი მამუკა ხაზარაძესთან ერთად ზურაბ ჯაფარიძეც იქნება

თბილისის მერის არჩევნებში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში მერის მოადგილე მამუკა ხაზარაძესთან ერთად ზურაბ ჯაფარიძეც იქნება. 

მელიამ ეს კანდიდატურები კოალიციური მთავრობის წარდგენის დროს დაასახელა. 

"მე ამ ბრძოლას არ ვუყურებ, როგორც ბრძოლას თბილისისთვის. ჩემთვის ესაა ტრამპლინი, რომ თბილისი მოვიგოთ და ამის შემდეგ მოვიგოთ ცენტრალური ხელისუფლება, რომ ამის შემდეგ შეიცვალოს ეს ხელისუფლება. ჩემს პოტენციურ მხარდამჭერებს მინდა ვუთხრა - მე მჯერა თავისუფლების. მგონია, რომ ზუსტად მესმის, რა არის თავისუფლება. მეტიც, მესმის, როგორ მუშაობს თავისუფლება საზოგადოებაში და რატომ არის, რომ თავისუფალი საზოგადოებები აღწევენ წარმატებას და პროგრესს. ჩვენ მოვდივართ საზოგადოებიდან, სადაც თავისუფლება არ არსებობდა - საბჭოთა კავშირიდან, სახელმწიფოდან, თუ ბოროტების იმპერიისგან რომელიც იდგა ადამიანის მონობაზე". - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ წარდგენისას სიტყვით გამოსვლის დროს. 

ამ დრომდე ვიცე მერობის კანდიდატად გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი, ცოტნე კობერიძე განიხილებოდა. 

ზურაბ ჯაფარიძის წარდგენის შემდეგ კობერიძემ თქვა, რომ დღეს, 20 ოქტომბრის დილით "აღმოჩნდა რომ სხვა პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს მეორე ტურში თვითონაც აქტიურად ჩაერთნონ, ხმების მაქსიმალურად მობილიზებას კი ზურა როგორც ვიცე მერობის კანდიდატი, მასზე კარგად იზამს". 

კობერიძემ ბოდიში მოუხადა იმათ, ვინც მასში "ინვესტიცია ჩადო და არ გაამართლა".

"ყველაფერი ის რასაც ვსაუბრობდი, ჩემი ეთიკის და იდეოლოგიის ნაწილია, მე ვიცე მერი ვიქნები, ვიცე პრემიერი, ლექტორი, აქტივისტი თუ მაღაზიის კონსულტანტი, მაინც ამ იდეებზე ვისაუბრებ და მაინც შევეცდები ადამიანების დარწმუნებას რომ თავისუფლებაზე სწორი წამალი დღეს არსებული პრობლემების მოგვარების არ არსებობს. ეთერებშიც ხაზს ვუსვამდი რომ ჩემთვის რიგალიას თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს.

უკანასკნელი ორი თვის განმავლობაშ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ყველა ახალგაზრდად ვთხოვ, არ მოერიდოს პოლიტიკაში ჩართვას, ზოგადად არაფრის არ მოერიდოს, არ დაელოდოს დროის გასვლას.

ახლა მთავარია, კალაძე დამარცხდეს, იმედია ჩემი ამ გადაწყვეტილებით საკუთარ წვლილს შევიტან.

დღეიდან "ის გირჩელი ბავშვი ვიცე მერი" აღარ ვარ, მოვძებნი ახალ გამოწვევებს". - ამბობს ცოტნე კობერიძე. 

თბილისის მერობისთვის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია და ქართული ოცნების კანდიდატი, მოქმედი მერი კახა კალაძე დაუპირისპირდებიან. არჩევნები 30 ოქტომბერს გაიმართება. 


close დახურვა