ნიკა მელიას საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე იმედოვნებს, რომ ენმ-ის თავმჯდომარე თავის ნებით გამოცხადდება შესაბამის ორგანოში. სადრაძის განცხადებით, კანონმდებლობაში გამოტანილი განაჩენის აღსრულების კონკრეტული ვადა არ არსებობს და უცნობია თუ როდის მოხდება მელიას დაპატიმრება.
სადრაძის განცხადებით, მელიას მხრიდან დადასტურებულად არსებობდა მოწმეებზე არასათანადო ზეგავლენის რისკები.
"გამომდინარე იქიდან, რომ ამას სხვა უწყება აღასრულებს. კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. თუმცა კანონმდებლობაში აღსრულების კონკრეტული ვადა არ არსებობს. იმედს გამოვთქვათ, რომ განსხვავებით საგამოძიებო უწყებასა და სასამართლოში არ გამოცხადებისა, ბრალდებული ამ შემთხვევაში მაინც გამოცხადდება შესაბამის ორგანოში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში უარყოფითი მონაწილეობა, რამდენიმე გარემოება ეფუძნებოდა და ეს გარემოება დადასტურებულია როგორც მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებით", - განაცხადა პროკურორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მან რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეცვალა. ბრალდება ენმ-ის თავმჯდომარისთვის სწორედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელიამ სწორედ ეს თანხა არ გადაიხადა ვინაიდან, მისი თქმით, "როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ე.წ. ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ამ სიყალბეში მონაწილეობა მიიღოს".
საქმეს კი მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა განიხილა, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთ პოლიტიკურ საქმეზე მიიღო ხელისუფლებისთვის მისაღები გადაწყვეტილება.
2019 წლის ივლისში 20 ივნისის ღამის საქმეზე ჩახნაშვილმს არც ერთი პირი, მათ შორის არც მაკო გომური, დაზარალებულად არ ცნო და ეს გადაწყვეტილება პროცესის გამართვის გარეშე, ზეპირი მსჯელობით მიიღო. ამავე წელს, მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა მოსამართლე ჩახნაშვილმა ძალაში დატოვა.
ასევე, 2020 წლის აპრილში ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაჩენილი ხანძრის გამო ბრალდებულ ბადრი ქათამაძეს ორ თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. თელავის სასამართლოში, ერთწლიანი სამოსამართლეო გამოცდილების მიღებამდე, ჩახნაშვილი 2016-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე.