logo
ENG



მემფისში 5 პოლიციელს დაკავების დროს 29 წლის კაცის მკვლელობას ედავებიან

28 იან 202312:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/28/e4a483g9akz4y3b.jpg

ტენესის შტატში ხუთ პოლიციელს 29 წლის ტაირ ნიკოლსის მკვლელობა ედება ბრალად. შტატში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ნიკოლსი ისევე, როგორც ხუთივე პოლიციელი, აფროამერიკელია.

7 იანვარს ქალაქ მემფისში ავტომობილის ცუდად მართვის მოტივით საპატრულო პოლიციამ ნიკოლსის გაჩერება სცადა. კაცმა უარი თქვა დამორჩილებოდა პოლიციის მოთხოვნას, რასაც დევნა და შემდგომი დაკავება მოჰყვა. ოჯახი აცხადებს, რომ დაკავებისას ნიკოლსი სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 3 დღეში გარდაიცვალა.

შიდა გამოძიების ფარგლებში ხუთივე პოლიციელი მალევე გაათავისუფლეს, შემდეგ კი მათ ბრალი დასდეს მეორე ხარისხის მკვლელობაში, თავდასხმასა და ადამიანის გატაცებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.

პარასკევს საღამოს, შტატის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პოლიციელების სამხრე კამერების ოთხი ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა, რომლებზეც დაკავება არის ასახული. პირველ ვიდეოზე ჩანს, როგორ გადმოჰყავს პოლიციელს ნიკოლსი მანქანიდან და უყვირის, რომ მიწაზე დაწვეს.

"არაფერი დამიშავებია" - ისმის ნიკოლსის ხმა. პოლიცია მას მიწაზე აწვენს და მოითხოვს, რომ ხმა არ ამოიღოს. რამდენიმე წამში ერთ-ერთმა პოლიციელმა ელექტროშოკი გამოიყენა, რის შემდეგაც ნიკოლსი დგება და მირბის.

მეორე ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ გარე სათვალთვალო კამერით არის გადაღებული, ჩანს, რომ ორი პოლიციელი ნიკოლის იჭერს, სხვები კი მორიგეობით ფეხებსა და მუშტებს ურტყამენ და სავარაუდოდ ხელკეტს იყენებენ.

მესამე და მეოთხე ვიდეოში ჩანს სამკერდე კამერით გადაღებული ცემა. კაცი დაკავებულია, მას წიწაკის სპეირს ასხურებენ და ურტყამენ, ნიკოლსი კი დედას ეძახის.

ნიკოლსის დედა ყვება, რომ შემთხვევის დროს მისი შვილი სახლიდან 70 მეტრში იყო.

ტენესის შტატის საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელმა, დევიდ რაუშმა განაცხადა, რომ კადრები შემზარავია.

"იმას, რაც აქ მოხდა, არავითარი კავშირი არ აქვს პოლიციის რეალურ სამსახურთა. ეს არასწორი იყო. ეს დანაშაულებრივი იყო", - განაცხადა მან.

ტაირი ნიკლოსის დედამ, როუვონ უელსმა, შვილის მოსახსენიებელი მსახურების დროს, შტატის მოსახლეობას მოუწოდა, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ მას შემდეგ, რაც ვიდეოს ნახავენ. მისი თქმით, ვიდეო არ უნახავს, მაგრამ იცის, რომ იქ მძიმე კადრებია ასახული.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კომენტარი გააკეთა მემფისის მოვლენებზე და თქვა, რომ ნიკოლსის სიკვდილი არის მტკივნეული შეხსენება იმისა, თუ რამდენი რამ არის გასაკეთებელი, რათა სისხლის სამართლის სისტემა უფრო სამართლიანი, ინკლუზიური და ადამიანური ღირსების პატივისცემის მომტანი გახდეს. მისივე თქმით, აქციაში მონაწილე პირების გაბრაზება გასაგებია, თუმცა ძალადობა მიუღებელია.

ამავე დროს, მემფისში ისეთივე მძლავრ პროტესტს ელოდებიან, როგორც წლების წინ პოლიციელების მიერ აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გამოიწვია.


close დახურვა