logo
ENG



მენაბდე: მიუხედავად უკონკურენტო არჩევნებისა, ამომრჩევლის ნების კონტროლი გრძელდება

21 ნოე 202017:35
3 წუთის საკითხავი
clock 1060

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, ვახუშტი მენაბდის თქმით, თბილისსა და რუსთავში ორგანიზაციის ორი დამკვირვებელი ზეწოლისა და მუქარის მსხვერპლი გახდა. როგორც მენაბდე ამბობს, მიუხედავად უკონკურენტო არჩევნებისა, ამომრჩევლის ნების კონტროლი მაინც გრძელდება. 

"სამწუხაროდ, არის და გრძელდება ამომრჩევლის ნების კონტროლი. ასეთ პირობებშიც, უკონკურენტო არჩევნებშიც კი იყენებენ ამ მექანიზმებს, რაც ამომრჩეველზე ზეწოლის გარემოს ქმნის და ჩვენი ორი დამკვირვებელი თბილისსა და რუსთავში ამ ზეწოლის მსხვერპლი გახდა კიდეც. მათ დაემუქრნენ, მათზე ზეწოლის მოხდენა სცადეს, რაც ლოგიკურად აუხსნელია",-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებიც. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ უბნებზე გამოვლინდა ე.წ. კარუსელის ფაქტი. ასევე ელენე ნიჟარაძის თქმით, ორგანიზაციამ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტიც გამოავლინა.

"პირველ შემთხვევაში ეს შეეხება ე.წ კარუსელის ფაქტს, რამდენიმე ამომრჩეველი იღებდა არჩევნებში მონაწილეობას რამდენჯერმე. ასევე გამოვავლინეთ ამომრჩევლის მოსყიდვა, უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს, თუ არ ვცდები, ფული გადასცეს ე.წ. პარტიულმა კოორდინატორებმა, რომლებიც მობილიზებული არიან უბანთან",-თქვა მან.

მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში ტარდება. 

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ამომრჩეველს მხოლოდ მმართველი პარტია - ქართული ოცნება სთხოვს. 

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და II ტურს ბოიკოტს უცხადებენ. 

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზეც. 

კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. 

ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათზე 16.47% იყო. 


close დახურვა