logo
ENG



მეორედ წასვლა - თანაგუნდელების ხოტბა ბიძინა ივანიშვილს

11 იან 202122:19
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/11/j0fng1vy95b9j3p.png
ფოტო: ქართული ოცნება

2018 წლის 5 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილმა ხალხს 1 წელი სთხოვა "მართვის ხარვეზების" გამოსასწორებლად. ვიდეოში, რომელიც მაშინ მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე გაავრცელა, მიმართავს მათ, "ვინც გულგატეხილია" და ეუბნება, რომ მას "კარგად ესმის მათი". 

მას შემდეგ საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი იკიდებს ფეხს, უფასურდება ლარი, ადამიანები კიდევ უფრო ღარიბდებიან, უვადოდ ინიშნებიან საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეები, არბევენ აქციებს და პოლიტიკური ნიშნით აკავებენ ადამიანებს, ჯერ გასცემენ პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობას და მოგვიანებით უკან მიაქვთ, საბოლოოდ კი თითქმის პროპორციულ არჩევნებს თანხდებიან. 2020 წლის არჩევნები კი ლეგიტიმაციის ისეთი პრობლემით სრულდება, რომ საქართველოში ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი იკრიბება. მწვავეა სოციალურ-ეკონომიკური და კრიმონოგენური ფონი. ადამიანები კარგავენ შემოსავალს, პანდემიურ კრიზისს კი ხელისუფლება პრაქტიკულად ვერ უმკლავდება.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ივანიშვილი ამბობს: "ჩემი მისია შესრულებულია". მისი მისია როგორ ესმით გაუგებარია, თუმცა ამას ნამდვილად უფასებენ მისი თანაგუნდელები. ზოგ მათგანს ღვაწლის შესაფასებლად სიტყვები არ ყოფნის, ზოგს - პირიქით. 

ღარიბაშვილის თქმით, წლებია საჭირო ივანიშვილის მოღვაწეობის შესაფასებლად

"შეუძლებელია, ერთ კომენტარში ჩაატიო ის დიდი ღვაწლი და დიდი სიკეთე, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ. ალბათ, უნდა გაიმიჯნოს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მისი საქველმოქმედო და პოლიტიკური საქმიანობები. [...] ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ მას არასდროს მართავდა ძალაუფლება, როგორც ეს მმართველების შემთხვევაში ყოფილა. მისი დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ იგი თავად მართავდა ამ ძალაუფლებას და თავად თქვა უარი".

კალაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება

"ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად".

კობახიძე ივანიშვილს გროსმაისტერს ადარებს

"ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი 2011 წელს ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა, როგორც ერთადერთი გროსმაისტერი და ერთ წელიწადში საყმაწვილო შამათით დაამარცხა მეხუთეთანრიგოსანი მოძალადეები, რომლებიც, მაშინდელი ოპოზიციის სრული უსუსურობის გამო, ძალიან ბევრს უძლეველი პოლიტიკოსები ეგონა".

თურნავასთვის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა და წასვლაც  ქველმოქმედების აქტი იყო

"ბიძინა ივანიშვილი არის დიდი პოლიტიკოსი და დიდი ქველმოქმედი. დღევანდელი მისი განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. იმიტომ, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლის და პოლიტიკიდან წასვლის პროცესიც იყო ერთგვარად პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი. ის მოვიდა პოლიტიკაში იმ დროს, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა და ქართულ საზოგადოებას სწყუროდა ცვლილებები. მან და ქართულმა ოცნებამ მოიტანეს ეს ცვლილებები და დიქტატორული რეჟიმი ჩამოაცილეს მმართველობას".

მათიკაშვილის თქმით, ივანიშვილიმა ქვეყანა დიქტატურისგან იხსნა

"ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი როლი შეასრულა თანამედროვე ქართული პოლიტიკის მოცემულობაში, ისტორიაში. მან ქვეყანა 2012 წელს იხსნა დიქტატურის ზოგადი მოცემულობიდან და სწრაფად განვითარებად ქვეყანად აქცია.. მისი ნებაა, როგორც პოლიტიკაში შემოსვლა, ასევე პოლიტიკიდან გასვლა".

მდინარაძის აზრით, ივანიშვილმა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესი უზრუნველყო 

"დღეს მან გადაწყვიტა, რომ დემოკრატიული განვითარების პროცესში, მხოლოდ ერთი ადამიანის ფაქტორი და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არ უნდა იყოს რომელიმე კონკრეტულ პირზე დამოკიდებული, მათ შორის მასზე. ეს უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუტების ერთობლიობამ".


close დახურვა