"მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს. დაამძიმეთ, უფრო საინტერესოა", - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ქარელში ქართული ოცნების ოფისიდან მთავარი არხის ოპერატორის გადმოგდებას. თანაგუნდელების მსგავსად კალაძეს ამტკიცებს, რომ ოპერატორი ლევან აბლოთია შემთხვევით გადავარდა.
"არასერიოზულად იქცევით, ბიჭი მიდიოდა, უკან-უკან... ჩემი თანდასწრებითაც ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა როცა მივდივართ, ოპერატორები იღებენ უკან-უკან მიდიან და... თქვენ მაჩვენეთ კადრი სადაც ჩანს, რომ გადააგდეს", - ამბობს კალაძე.
მთავარი არხის ჟურნალისტმა მერს უთხრა, რომ თავისი რიტორიკით ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს. კალაძემ კი ძალადობაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები დაადანაშაულა და მათ "მოძალადეები" უწოდა:
"მე თუ გეტყვით, რომ არ მაქვს სურვილი ინტერვიუ მოგცეთ, კეთილი უნდა ინებოთ და გაჩერდეთ, რატომ უნდა იძალადოთ ჩემზე?.. ძალადობას ამართლებთ თქვენ".
მთავარი არხის ინფორმაციით, ტელეკომპანიის ოპერატორი, ლევან აბლოთია ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გუშინ, 15 სექტემბერს, დაახლოებით 19:20 საათზე გადმოაგდეს.
მასთან ერთად ჟურნალისტი ბექა ყორშია მუშაობდა. ის ყვება, რომ მათ ქარელის მერის ჩაწერა სურდათ, თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ქართულ ოცნებაში ოპერატორზე ძალადობა მომხდარიდან მალევე უარყვეს. პარტიის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, ლევან აბლოთია შენობიდან უკუსვლით გადიოდა, რა დროსაც მოაჯირს წამოედო და გადავარდა.
დაზარალებული ოპერატორის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ვარდნამდე აივანზე მყოფები მასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდნენ.