მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა.
ცნობილი ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. თუმცა, რამდენად იყო ეს მართლაც შემთხვევა და არა მოწყობილი მკვლელობა, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი დღემდე არ არსებობს.
საზოგადო მოღვაწე თბილისში 1939 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაიბადა. მისი მშობლები ოლღა დემურია და ვანო კოსტავა კულტურული და განათლებული ოჯახებიდან იყვნენ.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში სწავლის დასრულების შემდეგ, ის სწავლას თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში აგრძელებს. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ კი, მუშაობა მუსიკის მასწავლებლად დაიწყო. იყო ჟურნალის „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში" რედაქტორი.
საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის.
მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს ორი: დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირის პრემია.
მერაბ კოსტავა მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში არის დაკრძალული. 2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.