თბილისის მერიის ცნობით, B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი მანქანებით მუშაობა 2022 წლის ბოლომდე შეეძლებათ.
მერის, კახა კალაძის თქმით, მარჯვენასაჭიანი ტაქსების მფლობელებს მუშაობის შესაძლებლობა 1 წლის ვადით კორონავირუსის გამო გაუხანგრძლივეს.
"B კატეგორიაში, ჩვენ, მარჯვენასაჭიან ავტომობილის მძღოლებს მივეცით ამ სერვისის განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა ეს იყო დროში შეზღუდული. ამის უფლება ჰქონდათ 2021 წლამდე. ახლა ყველას კარგად გვესმის არსებული რთული ვითარება, პანდემია, ეკონომიკური პრობლემები და გვინდა, რომ ეს უფლება 1 წლით გავუხანგრძლივოთ. B კატეგორიის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს, კიდევ ერთი წლის ვადით 2022 წლამდე, ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერისა და თანადგომის თვალსაზრისით". - თქვა კალაძემ.
ტაქსები კატეგორიებად 2020 წლიდან დაიყო.
A კატეგორიის ტაქსი არის თეთრი ფერის, სპეციალური მანათობლით გადაადგილდება ქალაქში და მგზავრის აყვანა შეუძლია როგორც ქუჩიდან, ისე ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით; B კატეგორიის ტაქსის არ აქვს ფერის შეზღუდვა და მუშაობს მხოლოდ ონლაინ გამოძახების სერვისით.