logo
ENG



აბესაძე: ქოცობაა საცობზე პასუხისმგებლობისგან გაქცევა, მით უმეტეს, 2 ავარიაზე გადაბრალება

14 დეკ 202316:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/14/gc7kqf57439kc1t.jpg

"ქოცობაა საცობებზე პასუხისმგებლობისგან გაქცევა კორუფციის და უცოდინარობისას (მით უმტეს 2 ავარიაზე გადაბრალება)", - ასე ეხმაურება სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე საცობებთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებას.

"როდესაც გერმანული ავტობუსის ფასად თურქულ ავტობუსს ყიდულობ და ამაში 60 მილიონი ლარი ქრება, რომლითაც დამატებით 100 ახალ ავტობუსს შეიძენდი (ახლა ამ საკითხის გარკვევას პირდაპირი კომუნიკაციით ვგეგმავ გერმანელ და თურქ მწარმოებლებთან);

როდესაც 2-3 წელია საუბრობ 18 მეტრიანი ავტობუსების შეძენაზე, რომლებიც ჯერ ისევ არ ჩამოსულა და რომელსაც მაღალია ალბათობა, მზად არ დახვდეს პარკი ( ეს ექსპლუატაციის პრობლემებს შექმნის). სხვათა შორის, აქაც გაფლანგული უნდა იყოს ათეულობით მილიონი და ამაზე სხვა დროს;

როდესაც 2021 წელს EBRD მიერ გამოყოფილი 50 მილიონი ევროთი მეტროს ვაგონების შესყიდვა გინდა რუსული სანქცირებული კომპანიისგან, ჯიუტობ და კონტრაქტს არ აუქმებ, სანამ ერმაკ-მაკფოლის უკრაინის სანქცირების ჯგუფი არ მიმართავს EBRD-ის, რომ დაუშვებელია ევროპელების ფულის რუსეთში დახარჯვა თბილისის მერიის მიერ. ამაში კარგავ 2 წელს და უკეთეს შემთხვევაში, ახალი ვაგონები 2025 წელს გვექნება;

როდესაც ფაქტობრივად ყოველთვის არღვევ გადათხრილი ქუჩების რეაბილიტაციის ვადებს, ფლანგავ დროს და ფულს და არც თუ იშვიათად, დასრულებული მაინც უხარისხოა;

როდესაც სატრანსპორტო პროექტები (გათვლები მგზავრთნაკადზე და ტრანსპორტის გამტარუნარიანობაზე), რომლებსაც გზების რეკონსტრუქცია (ჭავჭავაძის გამზირი, ხიზანიშვილის ქუჩა, წერეთლის გამზირი, ბას ლეინები და სხვა) უნდა ეყრდნობოდეს ან არ არსებობს ან არაპროფესიონალურადაა გაკეთებული ან/და შემდგომში ისეთი გიგანტური მშენებლობები თანხმდება იმავე არეალში (კორუფციულად დიდწილად), რომ ყველა გათვლა აზრს კარგავს;

როდესაც მთელ რიგ პრობლემურ მონაკვეთებზე არაპროფესიონალურად გეგმავ საგზაო მონიშვნებს (თანაც მაღალი ალბათობით აქაც ახერხებ ფულის გაქრობას: 1 წელში 3 მილიონ ლარზე მეტი ასფალტის გაშრობაში რომ დაიხარჯა), შუქნიშნების მუშაობის რეჟიმს ან/და არაფერს აკეთებ გადათხრილი ქუჩების მიმდებარე ქუჩებზე უარყოფითი გავლენების დასაკომპენსირებლად დროებითი ღონისძიებების გასატარებლად;

როდესაც არ აშენებ ახალ საჭირო ინფრასტრუქტურას (ხიდები მტკვარზე, კვანძი ვეფხვი და მოყმის ძეგლთან, დაპირებული საპარკინგე სივრცეები)", - წერს აბესაძე.

გუშინ სოციალურ ქსელში თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა პოსტი გამოაქვეყნა და 13 დეკემბრის მასშტაბური საცობი იმ დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევებით ახსნა.

ამავე შინაარსის განცხადება დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემაც გააკეთა. მისი თქმით, გუშინ დედაქალაქში 54 ავარია მოხდა და საცობებზე გავლენა ამასაც აქვს.


close დახურვა