ვაზისუბნის I მ/რ-ის N8 კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები ადგილობრივმა გამგეობამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის, სასტუმროში გადაყვანილია ყველა ოჯახი, ვინც დაბინავებაზე თანხმობა განაცხადა.
"კორპუსის მდგომარეობასა და მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება"- ნათქვამია განცხადებაში.
ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.