თბილისის მერიის განცხადებით, მეტროს მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო და მას მემანქანეების ინფიცირების ფაქტთან კავშირი არ აქვს.
ამასთან, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია მეტროს მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოიყვანს, რომელთანაც მუნიციპალიტეტს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
"ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროპოლიტენი, მგზავრთა მომსახურებას დროებით შეწყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის თბილისის მეტროს მემანქანეების ინფიცირების ფაქტთან და შეზღუდვა დედაქალაქის გარდა, საქართველოს შვიდ დიდ ქალაქს თანაბრად შეეხება.
გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერების გადაწყვეტილებას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იღებს. შესაბამისად, რიგი მედიასაშუალებების მიერ, მისი დაკავშირება მეტროს რამდენიმე მემანქანის ინფიცირების ფაქტთან, დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მეტროს თანამშრომლების ინფიცირება არ გამხდარა მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერების მიზეზი. თბილისის მეტრო არსებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, გამართულად იმუშავებს და დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება",- აღნიშნულია განცხადებაში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება, კონკრეტულად:
- იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
- აღდგება, როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა დასახელებული შეზღუდვა აღდგება.