logo
ENG



მერია გლდანში ახლადრეაბილიტირებული გზის ჩანგრევაზე რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართავს

09 დეკ 202010:30
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გლდანში, ახლადრეაბილიტირებული გზის ნაწილის ჩანგრევის საკითხი შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნება. 

კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების მოწყობის საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის სავარაუდო ნიშნები გამოიკვეთა. 

მისი თქმით, ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ გზის ნაწილის ჩანგრევით დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით 85 000 ლარით დაზარალდა. 

"ხიზანიშვილის ქუჩაზე იყო გარკვეული პრობლემები. მაშინ, შიდა აუდიტის სამსახურს დავავალე, რომ განეხორციელებინა მოკვლევა, თუ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. სრული მოკვლევა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგად, დადგინდა, რომ ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე არსებული სანიაღვრე ქსელის შეცვლის საჭიროების გაუთვალისწინებლობის გამო, საპროექტო დოკუმენტაციაში სერიოზული ხარვეზები და პრობლემების მთელი ჯაჭვი იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხიზანიშვილის ქუჩის კონკრეტულ მონაკვეთზე გზის საფარი ჩაიწია, რის გამოც, დედაქალაქის ბიუჯეტი დაახლოებით, 85 000 ლარით დაზარალდა. 

რა თქმა უნდა, აღნიშნულ საკითხს ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით. მოკვლევის შედეგად, ვლინდება სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. საკითხი შემდგომი რეაგირებისა და გამოძიებისთვის გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნება". - თქვა კალაძემ. 

ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2019 წლის 1-ლ მაისს დაიწყო და იმავე წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გაჭიანურდა.

 

ახლადრეაბილიტირებული გზის ნაწილი 2020 წლის 26 აგვისტოს ჩაინგრა. 

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე იყო გამოყოფილი.


close დახურვა