თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს დასკვნით, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაშია და მისი ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია.
კალაძის თქმით, სწორედ ამიტომ, დემონტაჟის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღეს.
"მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იუსტიციის სახლთან არსებულ ხიდთან დაკავშირებით - აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს მიერ გამოიკვეთა, რომ იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი არის მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაში. დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია, საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია რეკონსტრუქციას, რაც ფაქტობრივად ხიდის სრულ დემონტაჟს და ახალი ხიდის მშენებლობას ნიშნავს, რაც რამდენიმე მილიონი ლარი ჯდება.
იცით, რომ აღნიშნული ხიდი არ არის ადაპტირებული, ზოგადად პრობლემას წარმოადგენდა ყოველთვის ამ ხიდზე გადასვლა-გადმოსვლა, ჩვენ დავაყენეთ შუქნიშნები, გაკეთდა ზებრა-გადასავლელები და დღეს ადამიანები გზის მეორე მხარეს ზებრა-გადასასვლელებით გადადიან. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ხიდს გავუკეთოთ დემონტაჟი, რადგან ის არის ფაქტობრივად უფუნქციო, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ არის უმძიმეს ავარიულ მდგომარეობაში და მისი შეკეთება საჭიროებს რამდენიმე მილიონს, ამიტომ მივიღეთ დემონტაჟის განხორციელების გადაწყვეტილება", - თქვა კალაძემ.