logo
ENG



მერიამ კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარე ისტორიული შენობა ივანიშვილს მაინც დაანგრევინა

03 ივნ 202020:09
3 წუთის საკითხავი
 

კანონდარღვევით დანგრეული ჟურნალისტთა ყოფილი სახლის გამო კონკრეტული ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის გამოკვლევას მოითხოვენ საკრებულოში. ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილების გამო ხელისუფლება სისხლის სამართლის დანაშაულზეც მიდის. შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის მიუხედავად, მერიამ კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარე ისტორიული შენობა ივანიშვილს მაინც დაანგრევინა.

რისთვის დაანგრიეს და რა შენობით ჩანაცვლდება ქალაქის უძველეს უბანში დანგრეული ჟურნალისტთა ყოფილი სახლი - მეორე დღეა განმარტება თბილისის მერიისგან ვერ მივიღეთ. რის აშენებას აპირებს ბიძინა ივანიშვილი, როგორც ირკვევა არც მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა იცის, რომელიც სწორედ იმ საბჭოს თავმჯდომარეა, დემონტაჟის ნებართვა რომ გასცა. ქალაქის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ კანონი არ დარღვეულა, მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე მეორეს მოედანზე შენობის დანგრევის ნებართვა ბიძინა ივანიშვილმა სავალდებულო ისტორიულ-არქიტექტურული კვლევების და სამომავლო პროექტის ესკიზების გარეშე მიიღო.

სადავოა სწორედ ის, რომ მერიამ ბიძინა ივანიშვილს არასრული დოკუმენტაციის და კვლევების არარსებობის გამო პირველად დემონტაჟზე უარი უთხრა. ერთი თვის შემდეგ კი დათანხმდა. როგორც გაირკვა, ნგრევის ნებართვა მერიამ წინმსწრებად გასცა იმ იმედით, რომ მეპატრონე საჭირო დოკუმენტაციას მოგვიანებით წარმოადგენს.  

საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებული გადაწყვეტილებისა და დანგრეული შენობის შესახებ ინფორმაცია „ფორმულამ“ გუშინ გაასაჯაროვა. ისტორიული ობიექტი თბილისის უძველეს უბანში, სადაც დემონტაჟამდე პარტია „ქართული ოცნების“ ოფისი იყო, თითქმის ბოლომდე დანგრეულია. მიუხედავად იმისა, რომ ის კერძო მფლობელის, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა, დაცვის ზონაში მდგარ ნაგებობებს თვითნებური ჩარევებისგან კანონი იცავს. 

როგორი იქნება ქალაქის უმნიშვნელოვანესი და უძველესი მოედნის ახალი სახე - მაშინ როცა ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არსებობს, ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელისთვის გაუგებარია, რომელი კანონით იხელმძღვანელა ქალაქის მერიამ, როდესაც ნგრევის ნებართვა გასცა. ეჭვობს, რომ ისტორიული ადგილის ბედი ამჯერადაც მფლობელის გავლენებმა გადაწყვიტა.

ისტორიული შენობის ისტორიის დასასრული „ფორმულასგან“ შეიტყო აკაკი სიხარულიძემ - ჟურნალისტთა სახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელმაც ამ შენობაში, სანამ ის ბიძინა ივანიშვილის საკუთრება გახდებოდა, ბევრი წელი გაატარა. იხსენებს, რომ თავის დროზე, მისი გაყიდვის წინააღმდეგიც იყო.  

პარტია „ევროპული საქართველოს“ თბილისის საკრებულოს წევრები გეგმავენ მერიის ამ სადავო გადაწყვეტილების განხილვის საკითხი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დააყენონ.

ერეკლეს მოედანზე მდებარე შენობის დემონტაჟი პანდემიის პერიოდში დაიწყო და რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. როგორც ჩანს მფლობელს ეჩქარება, თუმცა რამდენი ხანი იქნება ეს ნანგრევები დამცავი ბადით შემოღობილი და როდის გადაწყდება ამ ადგილის ბედი - ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც ქალაქის მთავრობას ჯერ არ აქვს.


close დახურვა