logo
ENG



მერიაში ხალხმრავლობასთან დაკავშირებულ სერვისებზე შეზღუდვა დაწესდება

12 მარ 202011:02
3 წუთის საკითხავი
 

„კორონავირუსის მსოფლიო პანდემიად გამოცხადების შემდეგ საქართველოშიც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება“, -ამ განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძე აკეთებს.

მისი განცხადებით, პირველ ეტაპზე თბილისის მერიაში იმ ტიპის სერვისებზე მოხდება შეზღუდვა, რომელიც ხალხმრავლობასთან არის დაკავშირებული.

კალაძის თქმით, 13 მარტიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან შეიზღუდება: მიწის ლეგალიზაციის თაობაზე განაცხადების მიღება და უფასო იურიდიული დახმარების გაწევა; სიტუაციის გაუმჯობესებამდე აღარ ჩატარდება ისეთი ტიპის კომისიების და საბჭოს სხდომები. რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს უწევთ.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონა ვირუსი პანდემიად გამოაცხადა, რაც მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. საქართველოს მთავრობა, შესაბამისი სამსახურები სრულად აკონტროლებენ ვითარებას; მთავარია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის, ისე საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისთვის.

"ბუნებრივია, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ სათანადო ღონისძიებები გაატაროს დედაქალაქის მერიამაც. პირველ ეტაპზე მერიაში დაგეგმილია იმ ტიპის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომელი მომსახურების მიღებაც დაკავშირებულია ხალხმრავლობასა და ისეთ გარემოსთან, სადაც შედარებით მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი. აღნიშნულის გათვალისწინებით, 13 მარტიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან შეიზღუდება შემდეგი სერვისების მიწოდება: მიწის ლეგალიზაციის თაობაზე განაცხადების მიღება და უფასო იურიდიული დახმარების გაწევა; სიტუაციის გაუმჯობესებამდე აღარ ჩატარდება ისეთი ტიპის კომისიების და საბჭოს სხდომები რომელზე დასწრებაც ჩვენს მოქალაქეებს უწევთ, ასეთებია:

"თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების /ყოფნის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე კომისიის სხდომები; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები; დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები; შეიზღუდება ასევე არქიტექტურისა და ურბანული სამსახურის მიმართულება, ამ კუთხით მომსახურების გაწევა მოხდება მხოლოდ ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

"აღნიშნული შეზღუდვები გავრცელდება მერიის ცენტრალურ ოფისსა და ათივე სერვის ცენტრში. ამასთან, მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ხალხმრავალ ადგილებში მისვლისაგან, მათ შორის მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისცენტრების მომსახურებით სარგებლობისგან, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ დგას.

"თუკი ვირუსის მართვის კუთხით დადგა გარკვეული საჭიროება, მუნიციპალიტეტი მზადაა გაატაროს დამატებითი ღონისძიებები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა და განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ დარგის სპეციალისტების რჩევებსა და რეკომენდაციებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ საკუთარი მოქალაქეების ვირუსის გავრცელების რისკისგან დასაცავად და რა თქმა უნდა, ყველა ერთად, აუცილებლად შევძლებთ მსოფლიოს ამ გამოწვევის დაძლევას და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.


close დახურვა