logo
ENG



მერკელის განცხადებით, პუტინთან შეხვედრაზე ნავალნის გათავისუფლება მოითხოვა

20 აგვ 202120:49
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/20/tyhh8v02551ka3p.jpg
REUTERS

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, მან რუსეთის პრეზიდენტს გამართულ შეხვედრაზე ალექსეი ნავალნის გათავისუფლება მოსთხოვა.

რუსი ოპოზიციონერის მდგომარეობა ანგელა მერკელისა და ვლადიმერ პუტინის დღევანდელი შეხვედრის ერთერთი განსახილველი თემა იყო.

„მე მოვითხოვე რუსეთის ლიდერისგან, რომ გათავისუფლდეს ნავალნი", - განაცხადა ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვლადიმერ პუტინი უარყოფს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შეკვეთას და საჯაროდ მის სახელსაც კი არ ახსენებს. 

„რუსეთის ფედერაციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს პატივისცემით იქნას მოპყრობილი", - განაცხადა იმავე პრესკონფერენციაზე პუტინმა.

ვლადიმერ პუტინსა და ანგელა მერკელს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა. განსახილველ თემებს შორის იყო ავღანეთი, ჩრდილოეთის ნაკადი 2 და კრემლის კრიტიკოს ალექსეი ნავალნის მდმგომარეობა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლიდან ერთი წელი გავიდა. 2020 წლის 20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში დასვეს და ოპოზიციონერი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მომდევნო ორ დღეში ნავალნი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს და ბერლინში გადააფრინეს. გერმანიაში განაცხადეს, რომ ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. რუსეთი კი ნავალნის მოწამვლასთან რაიმე კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

ამავე დროს, The Insider-სა და Bellingcat-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ პოლიტიკოსზე თავდასხმის უკან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დგანან. რამდენიმეთვიანი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ ნავალნიმ კლინიკა დატოვა. იგი ამბობს, რომ მისი მკვლელობის მცდელობის უკან უშუალოდ პუტინი დგას.

მოგვიანებით, სასჯელაღსრულების სამსახურმა განაცხადა, რომ ივ როშეს საქმეზე პირობითი მსჯავრის დარღვევის გამო, ნავალნის პატიმრობა ემუქრება, რადგან ის გაეწერა ბერლინის საავადმყოფოდან და არ დაბრუნდა რუსეთში, ამასთან, ინსპექციაში კონტროლზე არ ცხადდებოდა.

2021 წლის 17 იანვარს ნავალნი მოსკოვში დაბრუნდა და ის აეროპორტშივე დააკავეს. სასამართლომ მას ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საერთაშორისო საზოგადოება ამ დრომდე მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ ნავალნი გაათავისუფლონ. ევროკავშირმა რუსეთის რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციებიც გაატარა.


close დახურვა