logo
ENG



მერფი: 2008-ის მერე რუსული ენერგიის მოხმარება რომ შემცირებულიყო, სხვა პოზიციაში ვიქნებოდით

23 იან 202215:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/23/4ldzhnzirsu2lj8.jpg
Business Insider

აშშ-ის დემოკრატმა სენატორმა კრის მერფიმ ამერიკის ხმასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრას ევროპისგან სერიოზული პასუხი არ მოჰყოლია. მერფის აზრით, აგვისტოს ომის შემდეგ ევროპას რუსული ენერგიის მოხმარება რომ შეემცირებინა დღეს შესაძლოა რეგიონში სხვაგვარი სიტუაცია ყოფილიყო.

სენატორის თქმით, ევროპამ მისი ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს ქმედებებისთვის რეალური საფასური გადაახდევინოს.

„რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოსა და უკრაინაში უდიდესი გავლენა და მხარდაჭერა დაკარგა. ეს არის ქვეყანა, რომელსაც ძალის გამოყენება და ქვეყნებში შეჭრა სჭირდება იმისთვის, რომ ამ ერებზე გავლენის რაღაც ფასადი ჰქონდეს. ჩვენ რუსეთს საფასური დავუწესეთ, იმისთვის, რომ რუსეთს ეს საფასური რეალურად გადავახდევინოთ, შეერთებული შტატების და ევროპის ერთობა გვჭირდება.

ზოგ შემთხვევაში გამაღიზიანებელია, რომ ევროპელებს არ აქვთ სურვილი ის აკეთონ, რაც, ჩვენი აზრით, მათ ინტერესებში შედის. მაგალითად მილსადენის შეჩერება. ევროპელებს რომ მიეღოთ გადაწყვეტილება, 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ რუსული ენერგიის მოხმარება შეემცირებინათ, დღეს სხვა პოზიციაში ვიქნებოდით. რაღაც მომენტში ევროპელებმა უნდა გადაწყვიტონ, საკუთარ უსაფრთხოებაზე ისე სერიოზულად იზრუნონ, როგორი სერიოზულობითაც შეერთებული შტატები ეკიდება ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას“ - განაცხადა სენატორმა მერფიმ.

აღნიშნულის შესახებ სენატორმა ამერიკის ხმის ჟურნალისტთან უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეებისა და შედეგების შესახებ ინტერვიუში ისაუბრა.

სენატორმა აღნიშნა, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები მზად არიან მძიმე ფასი დაუწესონ რუსეთს, თუ ის კიდევ ერთხელ გადაწყვეტს აგრესიას. თავად სენატორის აზრით, სანქციები რუსეთის შესაკავებლად შეზღუდული საშუალებაა, რასაც წარსულში მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია. თუმცა მოკავშირეებთან ერთად რუსეთის მასშტაბური სანქცირების შემთხვევაში, შესაძლოა, დადებითი შედეგი გამოიღოს. 

„ზოგადად სანქციები შეკავების შეზღუდული საშუალებაა, განსაკუთრებით რუსეთის შემთხვევაში. რუსეთს იმის ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომ უდიდესი ტვირთი და ტკივილი აიტანოს რათა საგარეო პოლიტიკაში საკუთარ მიზნებს მიაღწიოს, ასე რომ ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. რუსები მზად არიან სანქციები აიტანონ იმისთვის, რომ საქართველოს და უკრაინის მსგავს ქვეყნებში საკუთარ მიზანს მიაღწიონ.

ვიტყოდი, ეს ქალაქი - ვაშინგტონი, ზედმეტად არის დამოკიდებული სანქციებზე. სანქციებმა იმუშავა ირანზე და ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოიყვანა ბირთვული შეთანხმების მისაღწევად. მაგრამ როცა უყურებ სანქციების პოლიტიკას რუსეთის ან ვენესუელის მიმართ არ გვაქვს ბევრი მტკიცებულება რომ ისინი მუშაობს, მაგრამ სანქციები მნიშვნელოვანი ბერკეტია. თუ მას მოკავშირეებთან ერთად დავაწესებთ, შესაძლოა დადებითი იყოს, მაგრამ მას შეზღუდული გავლენა აქვს“, - განაცხადა კრის მერფიმ.


close დახურვა