გატაცებული მამაკაცის ოჯახში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და პრემიერ მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი ჩავიდნენ.
სახალხო დამცველის კრიტიკას ინციდენტებზე რეაგირების საკითხში სოზარ სუბარმა უპასუხა და განაცხადა, რომ მეტის გაკეთება შეუძლებელია. მან მიანიშნა, რომ ნინო ლომჯარიას შეუძლია თავადაც ჩაერთოს სხვადასხვა ღონისძიებაში - სუბარის თქმით, ომბუდსმენს შეუძლია ითანამშრომლოს მის დე ფაქტო კოლეგასთან.
„მოწოდება, რომ მეტი მექანიზმი იყოს, კარგია, მაგრამ არ ვიცი, მეტი რა უნდა იყოს - ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის და ჩვენი მეგობრის ინფორმირება. შემიძლია დავამატო, რომ როცა მე ვიყავი სახალხო დამცველი, ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა ჩემს დე ფაქტო კოლეგასთან. მიუხედავად იმისა, ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ, ყოველთვის ვიყენებდით ამ მექანიზმს. მათი თხოვნით შევდიოდი და ვნახულობდი იმ პატიმრებს, ვის მიმართაც ჰქონდათ ინტერესი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკვე მოითხოვეს სპეციალური ჯგუფის შეხვედრა ინციდენტებზე რეაგირების ფარგლებში, თუმცა ამ ეტაპზე პასუხი უცნობია.
„ოჯახს მივაწოდეთ ინფორმაცია უკანონოდ დაკავებულის ჯანმრთელობის შესახებ. კერძოდ, ზაზა გახელაძე იმყოფება ერთ-ერთ კლინიკაში ცხინვალში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქვს ცეცხლნასროლი ჭრილობა. მოთხოვნილია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრის გამართვა - პასუხი ამ ეტაპზე არ გვაქვს“, - ამბობს ირაკლი ანთაძე.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე კასპის რაიონის სოფლიდან 11 ივლისს გაიტაცეს - გავრცელებული ცნობებით, ის დაჭრილია, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ არსებობს.