logo
ENG



მეტროს მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა

02 დეკ 202018:31
3 წუთის საკითხავი
 
მეტროს მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა

პროფესიული კავშირი ერთობა 2013-ის ცნობით, მეტროპოლიტენის მემანქანე ზაზა გუდაძე კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ისინი Facebook-ის გვერდზე ავრცელებენ

"მთლიანად მეროპოლიტენში დასაქმებულები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ჩვენი კოლექტივის გამორჩეული პიროვნების - ზაზა გუდაძის გარდაცვალების გამო! ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ნათელში ამყოფოს უფალმა. ამ ვერაგ ვირუსთან ბრძოლამ შეიწირა მისი მებრძოლი სული", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ფორმულას უთხრეს, რომ მემანქანე კოვიდკლინიკაში 20 ნოემბრიდან მკურნალობდა და დღეს გარდაიცვალა.  

პროფესიული კავშირი ერთობა 2013-ის ცნობითვე, დაინფიცირებულია მეტროს ათობით მემანქანე. პროფკავშირში აცხადებენ, რომ მეტროს სრულფასოვანი მუშაობისათვის დღის ჭრილში 120 მემანქანეა საჭირო, ხოლო ადგილზე დასაქმებულია 220 მემანქანე.

25 ნოემბერს ერთობა 2013-მა განცხადა გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. პროფესიულ კავშირში აცხადებდნენ, რომ არსებობს მეტროს მუშაობის შეჩერების საფრთხე. პროფესიულმა კავშირმა სრული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს დააკისრა. 

მოგვიანებით, სატრანსპორტო კომპანიამ ერთობა 2013-ს უპასუხა. კომპანიაში განაცხადეს, რომ რეალურად, ინფიცირებულია 25-მდე მემანქანე და მეტროს მუშაობა შეფერხება არ ემუქრებოდა. 

ამასთან, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მემანქანეების ინფიცირების მიუხედავად, მეტროპოლიტენის მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდებოდა. მისი თქმით, მინსკთან აქვთ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, საჭიროებისამებრ, ბელარუსიდან ჩამოიყვანენ მემანქანეებს.

26 ნოემბერს მთავრობამ შეზღუდვები დააანონსა, რომლის თანახმადაც 28 იანვრიდან 24 დეკემბრამდე მეტრო არ იმუშავებს.

 


close დახურვა