თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ერთობა 2013-ის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია.
პროფესიულ კავშირში აცხადებენ, რომ არსებობს მეტროს მუშაობის შეჩერების საფრთხე.
"ახლა არსებული სიტუაცია ურთულესია, მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. ეს იმ დროს, როდესაც საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ტელევიზიით გადაიცემა, რაც დამსაქმებელს მოუწოდებს რომ თანამშრომლის ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, მოიძიოს მისი კონტაქტები და გადაიყვანოს თვითიზოლიაციაში. მეტროს შემთხვევაში კი ეს ხშირად არ ხორციელდებოდა. რამაც გამოიღო შედეგი და როგორც აღვნიშნეთ თანამშრომლების დიდი რაოდენობა დაინფიცირებულია, რომლებმაც თავის მხრივ დააინფიცირეს ოჯახის წევრები და არამარტო", - აცხადებენ ერთობა 2013-ში.
პროფესიული კავშირი შექმნილ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს აკისრებს.
პროფკავშირში აცხადებენ, რომ მათ სატრანსპორტო კომპანიას შესთავაზეს მემანქანეების რესურსის განაწილება - 10 დღე ერთი ჯგუფის მუშაობას, ხოლო 10 დღე მეორე ჯგუფის. თუმცა, სატრანსპორტო კომპანიამ შეთავაზება უარყო.
"სექტემბრის თვეში, როდესაც ვირუსმა მნიშვნელოვნად დაიწყო გავრცელება, შევხვდით სატრანსპორტო კომპანიის დირექციას. სადაც, ჩვენის მხრიდან იყო შეთავაზება ვირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების შესახებ. შეთავაზება კი გულისხმობდა, დილით 7:00 საათზე მეტროს გახსნას და საღამოს 21:00 ზე ჩაკეტვას. გვესმის, რომ მგზავრებისათვის შესაძლოა მცირედ დისკომფორტი გამოეწვია ამ ყველაფერს, მაგრამ მეტროს მუშაობის შეწყვეტას (რისი საშიშროებაც რეალურად დგას) აშკარად აჯობებდა. ეს წინადადება დარჩა უყურადღებოდ", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ერთობა 2013-ში აცხადებენ, რომ მემანქანეებს არასათანადოდ ჩაუტარდათ კოვიდ ტესტები, რამაც ინფექციის გავრცელებას შეუწყო ხელი.
"ასევე მოვითხოვეთ თანამშრომლებისათვის ჩაეტარებინათ კოვიდის ტესტები, ეს კი განახორციელეს ისე, რომ ტესტი ჩაატარეს სისხლის ანალიზებზე, რაც რეალურ სურათს ვერ ასახავს, რადგან დაინფიცირებიდან 5-7 დღეის შემდეგ აჩვენებს ზუსტ პასუხს ხსენებული ტესტი. ანუ, სიმპტომის შემჩნევის მეორე დღეს მიდიოდნენ ტესტზე, სადაც პასუხი, რა თქმა უნდა, უარყოფითი იყო, დამშვიდებული და "ჯანმრთელი" თანამშრომელი ბრუნდებოდა სამსახურში, (რომელსაც, სამი-ოთხი დღის შემდეგ PCR ტესტით დაუდასტურდა კოვიდი, რაც თავისი ხარჯებით გააკეთა) რომელიც, იქცა სხვა თანამშრომლების ინფიცირების წყაროდ. გასულ კვირას კი ერთობა 2013_ის თავმჯდომარის დაჟინებული მოთხოვნით, მემანქანეები გააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზე, რომელთა ნაწილს მეორე დღეს, სამუშაოს შესრულების დროს, მოუვიდათ დადებითი პასუხები. ამ დროს მათთან კონტაქტი ქონდა კიდევ სხვა ბევრ თანამშრომელს. (მგონი ხვდებით რასთან გვაქვს საქმე)", - აცხადებენ პროფესიულ კავშირში.
ერთობა 2013-ში მკაცრი შეზღუდვების შემოღებას ითხოვენ, მათ შორის გარკვეული დროით მეტროს გაჩერებასაც, რადგან არ მოხდეს ვირუსის უკონტროლო გავრცელება.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 114 889 -ს შეადგენს. აქედან 9 5581 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 085 გარდაიცვალა.