ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში სადაც არანაკლებად გახმაურებულ საქმეებზე ბრალდებულებს იწყალებენ, არც მამალაძის შეწყალებაა შეუძლებელი.
"სადაც ხდება იმ ადამიანების შეწყალება, რომელზეც მთელი ქვეყანა მერე დუღს, თუხთუხებს, მგონი, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო," - განუცხადა ჟურნალისტებს მეუფემ.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი კი აცხადებს, რომ ეკლესია არ არის მომხრე, რომ ვინმე ციხეში იყო.
"უფალი გვასწავლის, რომ ციხეში შევიდეთ, ყველა ვანუგეშოთ და ჩემი აზრით, ყველა ადამიანი მენანება ციხისთვის", - განაცხადა მელქისედეკმა.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. მამალაძის ადვოკატებმა პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით 2019 წლის 16 აგვისტოს მიმართეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის არიან პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. ამას გარდა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ერთი პირის შეწყალება ვერ მოხდება, რადგან ის ამ დრომდე ძებნილია.
ამ ფაქტმა, საზოგადოების დიდი ნაწილის, უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რის გამოც ზურაბიშვილმა შეწყალებაზე 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მორატორიუმი გამოაცხადა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალებაზე გამოძიება დაიწყო.