logo
ENG



მეუფე გრიგოლი პანსიონზე: იმედია, სასამართლოს გადაწყვეტილება სირთულეების გარეშე აღსრულდება

06 ივნ 202113:31
3 წუთის საკითხავი
clock 1271

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი იმედს გამოთქვამს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილება სირთულეებისა და წინააღმდეგობის გარეშე აღსრულდება.

როგორც მეუფემ აღნიშნა, მიესალმება იმ ღონისძიებების გატარებას, რომელიც პრობლემას აღმოფხვრის.

"ტყუილ-მართალი ერთმანეთში იმდენად არის არეული ძალიან ძნელი ხდება დასკვნების გაკეთება იმიტომ, რომ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აკისრია თითოეულ ადამიანს. ჩვენ შეიძლება ერთი საქმე გავაკეთოთ, მეორე გავაფუჭოთ. აი, ასეთი რამ გვემართება ხოლმე, ამიტომ ის, რომ სასამართლოს მიუღია დადგენილება მე მესმის და იმედი მაქვს, სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე.

მე მივესალმები თუ უწესრიგობაა, წესრიგის დამყარებას. თუ დანაშაულია აღმოფხვრას, თუ რაიმე უკეთურებაა, გამოსწორებას, ანუ იმ ღონისძიებების გატარებას თუ საჭიროა ეკლესიიდან, თუ სახელმწიფოდანაა საჭირო, სახელმწიფოდან, იმ ნაბიჯებს, რომლებიც აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რომელიც აწუხებს დღეს მთელ საზოგადოებას", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისივე თქმით, პანსიონის ხელმძღვანელობას კარი რომ გაეღო, საქმე აქამდე არ მივიდოდა.

"მე ასეთი აზრი მაქვს, რომ შეიძლება აქამდე საერთოდ არ მისულიყო, რომ მომხდარიყო ელემენტარულად გახსნა კარისა. ქართული გამოთქმა არის: ნათქვამს ერთი კუდი აქვს და უთქმელს ათასიო, შესაბამისად ის, რომ ეს კარები იყო დახშული, საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ, მაგრამ ფაქტობრივად, ეს ძალიან ბევრ ეჭვებს აღძრავდა და ამან უფრო გამოიწვია ასეთი ვითარება, უფრო გაართულა და დაძაბა საერთოდ მთელი საზოგადოება. ალბათ, აქამდე არ მივიდოდა საქმე, ბევრად უფრო ყოველგვარი ემოციური ფონის გარეშე, თუ რამე გამოსასწორებელი იყო, ალბათ უნდა გამოსწორებულიყო", - თქვა მეუფემ.

კითხვაზე - იგეგმება თუ არა პანსიონის საკითხთან დაკავშირებით სინოდის სხდომის მოწვევა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ეს ძნელად წარმოუდგენია, რადგან პატრიარქი ილია მეორე თავს სუსტად გრძნობს.

"ეკლესიაში არის ხოლმე საკითხები, რომლებიც ითხოვს განსჯას, მსჯელობას, მაგრამ იცით, რომ ამ წუთას ცოტა არაორდინალურ ვითარებაში ვცხოვრობთ, ეს რეალობაა, ამაში არაფერი განსაკუთრებული სიახლე არ არის, რომ ჩვენი უწმინდესი, კათოლიკოს-პატრიარქი სუსტად გრძნობს თავს და თავისთავად ცხადია, სინოდის მოწვევა და საფუძვლიანი დოზით და იმ მასშტაბებში საკითხების შესწავლა- განხილვა მე ძნელად წარმომიდგენია სამწუხაროდ", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

სასამართლოს გუშინდელი, 5 ივნისის განჩინებით, შშმ ბავშვებმა პანსიონი დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ, გადაწყვეტილება უნდა შეეხოთ სხვა ბავშვებსაც. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.  საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ის უნდა გასაჩივრდეს, რადგან პროცესზე შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

მათივე შეფასებით, "პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ". 

ორგანიზაცია პატრნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, რომლის საჩივარმაც განაპირობა სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვების პანსიონიდან გაყვანის შესახებ, საპატრიარქოს პასუხობს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, გასაჩივრება არ აჩერებს განჩინებას დროებითი ღონისძიების შესახებ, რაც გამოსცა თბილისის საქალაქო სასამართლომ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

სარჩელი სასამართლოში ორგანიზაცია PHR-მა შეიტანა. მათი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვის უფლებებზე დავა მხოლოდ კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბავშვი შშმ პირია. სწორედ ამ კანონის საფუძველზე მიმართა სასამართლოს PHR-მა

და შესაბამისად, მოსამართლემ დააკმაყოფილა საჩივრის ის ნაწილი, რომლის დაკმაყოფილებაც კანონით შეეძლო. 

თუმცა, ორგანიზაციისვე განმარტებით, "სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს კანონი, ამიტომ სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ პანსიონიდან. მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის. ყველა ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, ამიტომ ტექნიკური დეტალია. ამიტომ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ თუ იქნება ეს საფრთხე, არ შეიძლება, რომელიმე ბავშვი დავტოვოთ საფრთხეში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი კანონმდებლობით სპეციალური განჩინებით მხოლოდ შშმ ბავშვების დაცვა შეგვიძლია". 

ამაზე მიუთითებს თავად მოსამართლის ჩანაწერებიც განჩინებაში, რომელშიც ვკითხულობთ:  

"ვიხელმძღვანელე რა მტკიცებულებებით, მათ შორის, თავად პანსიონატში მოთავსებული არასრულწლოვანი პირების განმარტებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა".

"საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, აგრეთვე, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლოში ამ ეტაპზე აღძრული არ არის სარჩელი, რომლის განხილვასაც შესაბამისი დრო ესაჭიროება, სასამართლო მიიჩნევს, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეილახოს ბავშვთა ინტერესები და მას მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკითხი ეხება არასრულწლოვანთა ინტერესებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება შეექმნას საფრთხე. შესაბამისად, არ უნდა დაზარალდეს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესი". 

პანსიონში, სახალხო დამცველის ინფორმაციით, 57 ბავშვი ცხოვრობდა. თუმცა, მთავარეპისკოპოს სპირიდონის თქმით, მათი რაოდენობა 150-მდეა. 

სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება - 3 მათგანი ძალადობას ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი), ერთი - გაუპატიურებას (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. 

3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც ყვება, რომ პანსიონში ბავშვებს "რეიკებით და სახაზავებით სცემდნენ". მისივე თქმით, აქ "7 წლის ბავშვი ცემით შემოაკვდათ, გადააფარეს რაღაც და წაიყვანეს". 

ნინოწმინდის პანსიონი საპატრიარქოს ექვემდებარება და მას სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავს. სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეპისკოპოსმა სპირიდონმა ომბუდსმენის წარმომადგენლების პანსიონში შეშვებაზე უარი განაცხადა. პანსიონში შესვლის საშუალება მას ამ დრომდე არ აქვს.

 

close დახურვა