logo
ENG



მეუფე დანიელი: დეკანოზ თადეოზს ზოგ შემთხვევაში სწორი პოზიციის თქმა სურდა, არასწორად გამოთქვა

27 იან 202114:26
3 წუთის საკითხავი
 

მიტროპოლიტი დანიელი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ "ზოგიერთ შემთხვევაში" სწორი შეფასების გაკეთება სცადა, მაგრამ ამ შეფასებებისას იყო "გარკვეული ხარვეზები". დეკანოზმა თადეოზმა ქადაგებისას განაცხადა, რომ სჯობს "პარაზიტი ბავშვები" ადრე მოკვდნენ და სასუფეველში მოხვდნენ, ვიდრე უმაქნისები გაიზარდონ.

"ზოგიერთი თემა არ იყო განმარტებული ისე, როგორც ეს მისაღებია, ეს სწორედ არის არაკორექტული, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მას სურდა სწორი პოზიციის გამოხატვა, მაგრამ არასწორად გამოთქვა ზოგიერთი შეხედულება. ნებისმიერ თემაზე ნებისმიერ მოვლენაზე ეკლესიამ სწორი შეფასება უნდა გააკეთოს. მან ამ სწორი შეფასების გაკეთება სცადა, მაგრამ ამ შეფასებისას იყო გარკვეული ხარვეზები", - აცხადებს მეუფე დანიელი.

მეუფეს განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია თუ რა სასჯელი დაეკისრება დეკანოზ თადეოზს.

მიტროპოლიტი დანიელი დეკანოზ თადეოზის 24 იანვრის ქადაგებას დღეს, 27 იანვარს უკვე მეორედ გამოეხმაურა. პირველად, საპატრიარქომ გაავრცელა მისი პოზიცია, სადაც მიტროპოლიტი დანიელი ამბობს, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.

"ფორმულა" დაინტერესდა თუ რატომ არ ქონდა აქამდე მიტროპოლიტ დანიელს დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგებებზე რეაქცია, რადგან ის წლების განმავლობაში აკეთებს ქსენოფობიურ და სხვა ტიპის პრობლემურ განცხადებებს. თუმცა ქადაგების ვიდეოს გავრცელებამდე არც საპატრიარქოს და არც მიტროპოლიტ დანიელს განცხადებები არ გაუკეთებიათ. მიტროპოლიტი დანიელი ამ დრომდე ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

დეკანოზი თადეოზ სარალიძე არმენოფობიური და ანტისემიტური განცხადებებით გამოირჩევა. გარდა ამისა, 24 იანვარს ქადაგებისას ბავშვებზე საუბრისას განაცხადა, რომ მთავარია ისინი ეკლესიის ერთგულნი იყვნენ, სხვა შემთხვევაში სჯობს პატარები მოკვდნენ და სასუფეველში მოხვდნენ.


close დახურვა