logo
ENG



მეუფე იაკობი მელაშვილზე: ვერც იმას დავაბრალებ და ვერც იმას ვიტყვი, ფრთიანი ანგელოზიაო

09 ოქტ 202015:10
3 წუთის საკითხავი
 
vjm1brmh97fom1c.jpg

მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით გარეჯზე საუბრისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროფესიონალები არიან, ხოლო სიმართლე პროკურატურამ უნდა დაადგინოს.

მეუფე იაკობის თქმით, თუ ადამიანი დააკავეს, ე.ი. ის დამნაშავეა და ეკლესიას ამაში ბრალი არ მიუძღვის.

"სიტუაცია ისეთია, რომ შეიძლება, ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიოთ. ვერანაირ ვარიანტს ვერასდროს ვერავინ გამორიცხავს. წესიერმა მართლმსაჯულებამ უნდა გვანახოს, რა არის სინამდვილეში. თუ ღალატს აქვს ადგილი, დაცვა არ გამოვა. თუ აბრალებ ადამიანს, ეგ კიდევ უარესი. ეკლესია არავის ვაჭერინებთ, კაცს თუ იჭერენ... თუ დამნაშავეა, თავის გამო იჭერენ, თუ არ არის დამნაშავე და გამოჩნდება ეგეც", - განაცხადა იაკობმა.

მისი თქმით, ივერი მელაშვილს საზღვრის დამდგენი კომისიიდან ტყუილად არ მოხსნიდნენ.

"კომისიიდან რომ ჩახსნეს ივერი მელაშვილი, ტყუილად ხომ არ ჩახსნეს? ეტყოდნენ, რატომ ჩახსნეს. რუკებში, რომლებიც გამოიყენებოდა ამ საკითხში, ბუნდოვანება იყო. მივიდა აზერბაიჯანი და დადგა. როცა არ ეუბნები, რომ შენი ტერიტორიაა... პროფესიონალები არიან (მელაშვილი და ილიჩოვა), განზრახვაც არ ვიცი. მელაშვილს ვერც იმას დავაბრალებ და ვერც იმას ვიტყვი, ფრთიანი ანგელოზიაო, სწორად გამიგეთ", - აღნიშნა იაკობმა.

8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

ბრალდება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. სხდომაზე ივერი მელაშვილმა თქვა, რომ ეს არის ზუსტად ქვეყნის ღალატი, როდესაც ამ საკითხის წამოწევა ხდება.

გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა