logo
ENG



მეუფე იაკობი პანსიონზე: დალაგება მინდა აქ სიტუაციის, გარედან აურიეს

15 ივნ 202117:34
3 წუთის საკითხავი
 

ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნული ხელმძღვანელი მეუფე იაკობი ამბობს, რომ პანსიონში "სიტუაციის დალაგება უნდა", რადგან "გარედან ძალიან აურიეს".

რაც შეეხება პანსიონში მონიტორინგისთვის სახალხო დამცველის შეშვებას, ის ამბობს, რომ ლომჯარიას ჯერ თბილისში შეხვდება.

"სანამ არ გავერკვევი ბოლომდე, რა ხდება, მანამდე ბავშვებთან შეშვებაზე... ძალიან დასტრესილები არიან ბავშვები და მით უმეტეს, ახლა შემოვიდნენ და თუნდაც სახალხო დამცველმა კითხვები დაუსვას... აქ მუშაობენ სოციალური მუშაკები, მონიტორინგიც აქვთ და 24 საათი აქ არიან, სანდო ხალხია. ცოტა ხანი დაგვაცადონ, პრობლემა არ გვაქვს. მე გუშინაც ვთქვი, ჯერ თბილისში შევხვდები, შემდგომ დავილაპარაკებთ ცივილიზებულად, არ ვარ ის ადამიანი... ყველანაირად ვიცი, სანამ ბავშვები ამ მდგომაროებაში არიან, მე მართალი ვიქნები, რომ არავინ მივაკარო ადვოკატის გარეშე. დალაგება მინდა აქ სიტუაციის, გარედან ძალიან აურიეს", - ამბობს მეუფე იაკობი.

დღეს, 15 ივნისს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კიდევ ერთხელ მიმართა საპატრიარქოს, რომ აპარატს მონიტორინგის საშუალება მიეცეს. ლომჯარიას თქმით, იმედი აქვს, პანსიონის ახალი მენეჯმენტის მხრიდან უფრო მკაფიო გზავნილები იქნება, რომ სახალხო დამცველის მანდატის განხორციელებას არ შეექმნება პრობლემები.

გუშინ, 14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს. პანსიონს წლების განმავლობაში მეუფე სპირიდონი ხელმძღვანელობდა.

ნინოწმინდის პანსიონში კვლავაც რჩება 23 ბავშვი, სახალხო დამცველს კი ისევ არ ეძლევა პანსიონში შესვლის საშუალება - ომბუდსმენს პანსიონში მთავარეპისკოპოსი სპირიდონი და საპატრიარქო დისკრიმინაციული მოტივით არ უშვებს.

სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.

პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები.

ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.

ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს. 

ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬


close დახურვა