logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი: იმედია ხარების დღესასწაულის შემდეგ, ეკლესიიდან დაინფიცირებულები არ გვეყოლება

09 აპრ 202017:34
3 წუთის საკითხავი
 

„ფორმულა“ სინოდის ერთ-ერთ წევრს მეუფე ნიკოლოზს ესაუბრა, მისი განცხადებით ხელისუფლებასთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ეს ძირითადად ხდება ტელეფონზე საუბრის მეშვეობით, თუმცა სასულიერო პირებმა ჯერჯერობით არ იციან თუ როგორ უნდა ჩატარდეს აღდგომის დღესასწაულზე ღვთისმსახურება. 

სასულიერო პირები გადაწყვეტილების არ მიღების მიზეზად, დღის წესრიგში არსებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ასახელებენ. მათი თქმით, მართლმადიდებელი ეკლესია ემზადება ბზობის დღესასწაულისა და დიდი ხუთშაბათისთვის და ეს დღესასწაულებიც არანაკლები ხალხმრავლობით გამოირჩევა.

„აღდგომის წირვასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არის საუბარი, რადგან დიდი დროა მანამდე. შეიძლება ცუდად განვითარდეს მოვლენები და შეიძლება პირიქით კარგად განვითარდეს. ზედმეტი პროგნოზების კეთება ახლა საჭირო არ არის. ბზობის დღესასწაული მოდის მაგალითად და იმისთვის ვემზადებით. ხარების დღესასწაულმა იმედია, რომ კარგად ჩაიარა და იმედია, რომ დაინფიცირებულები ხარების დღესასწაულის შემდეგ ეკლესიიდან არ გვეყოლება. ვფიქრობ აღდგომის წირვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დიდი ხუთშაბათის მერე იქნება მიღებული. დიდი ხუთშაბათი ხალხის თავშეყრის თვალსაზრისით არანაკლებ სერიოზულია ვიდრე აღდგომა“ - განაცხდა ახალქალაქისა და კუმურდოს მეუფე ნიკოლოზმა. 

მანამ სანამ მართლმადიდებელი ეკლესია ფიქრობს , თუ როგორ უნდა ჩაატაროს აღდგომის დღესასწაული, საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ ჯანდაცვის სამინისტრომ სასულიერო პირები უკვე შეიყვანეს იმ ალგორითმის ჯგუფში, რომელშიც დაინფიცირების მაღალი რისკი არსებობს. 

„ერთ-ერთი ქვეჯგუფი არის ორგანიზებული ჯგუფები მაღალი რისკის შემცველი აქტივობა, რომლის შემთხვევაშიც რეკომენდაციის სახით არის მოცემული ტესტირება. ეს არის საეკლესიო სივრცე, მოხუცთა სახლები, ფსიქიატრიული დაწესებულებები, რადგან აქ მაღალია ინტერესი ინფექციის პრევენციის თვალსაზრისით, ვინაიდან ამ მხრივ ძალიან მაღალია ალბათობა ამ ინფექციის სწრაფი გავრცელების. ჩამოთვლილ შემთხვევებში რეკომენდებულია ტესტი უსიმპტომო პაციენტებთანაც ჩატარდეს“,- განაცხადა ინფექციონისტმა გიორგი კამკამიძემ.

აღდგომის დღესასწაულზე ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით კომენტარები პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთეს. მთავრობის წევრების თქმით, მოლაპარაკებები საპატრიარქოსთან ამ დრომდე მიმდინარეობს. ვახტანგ გომელაური კი ფიქრობს, რომ თუ მრევლი ეკლესიაში საღამოს 9 საათზე მივა და დილის ექვს საათამდე იქ გაჩერდება, ამით კანონი არ დაირღვევა.


close დახურვა