logo
ENG



მეუფე ნიკოლოზი გარეჯში მომხდარ თავდასხმაზე: ეს არის დაგეგმილად შექმნილი ამბავი

05 მაი 202118:45
3 წუთის საკითხავი
clock 666
2021/05/05/mdty47r6sc3hxax.jpg

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, დავით გარეჯში ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა "დაგეგმილად შექმნილი ამბავია".

როგორც მეუფე აღნიშნა, გარეჯში ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ამზადებდნენ სიუჟეტს, რომელიც "რეაგირებას აუცილებლად გამოიწვევდა".

"ეს გუშინდელი საქციელი მორიგი საქციელია ახალი ამბის შექმნის. მე ვამბობ, რომ ტელევიზიამ ახალი ამბავი უნდა აღწეროს, არ უნდა შექმნას. გუშინდელი ამბავი ეს არის დაგეგმილად შექმნილი ამბავი, პირდაპირ მეხის გავარდნა მოწმენდილ ცაზე. არაფერი საკონფლიქტო აქ არ იყო და წინასწარ, სავარაუდოდ, აუცილებლად გამოიწვევდა კონფლიქტს ასეთი მოქმედება, რომ მაინდამაინც მონასტრის დღესასწაულზე, აღდგომის დღეებში, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ჩადიან და აკეთებენ ისეთ სიუჟეტს, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს რეაგირებას", - თქვა მეუფემ.

მანვე განაცხადა, რომ ძალადობას ემიჯნება და სასულიერო პირებმა ეთიკური ნორმები უფრო მეტად უნდა დაიცვან. 

"გინება, ხელით შეხება, ყვირილი, მე მიმაჩნია, რომ ეს არის გამოხატულების ფორმები. მით უმეტეს, მე როგორც სასულიერო პირი, რა თქმა უნდა სასულიერო პირებს უფრო მეტად მოვთხოვდი ყოველგვარი ეთიკური ნორმების დაცვას. სასულიერო პირისგან ბევრად უფრო მძიმედ აღიქმება ნებისმიერი დარღვევა", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, მიტროპოლიტის თქმით, სასულიერო პირი არასოდეს უნდა დათვრეს, მაგრამ დღესასწაულზე ნასვამი აუცილებლად იქნება, რადგან წესია, რომ წირვის შემდეგ ღვინო მიიღოს.

"მათ ადანაშაულებენ სიმთვრალეში. გუშინ იყო ამ მონასტრის დღესასწაული და მივიდნენ ისეთ დროს, როდესაც დღესასწაული არ არის დამთავრებული. სავარაუდოდ, ეს ბერები, წესია უბრალოდ ასეთი, წირვის შემდეგ ტრაპეზი უნდა გაიმართოს და აუცილებლად უნდა მიიღონ ღვინო. ეს აუცილებელია ტიპიკონის მიხედვით. რა თქმა უნდა, უნდა მოზომონო და არასოდეს არ უნდა დათვრეს სასულიერო პირი, მაგრამ ნასვამი აუცილებლად იქნება", - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს გუშინ, 4 მაისს დაესხნენ. ისინი გადაცემა შაბათის მთავარისთვის სიუჟეტს ამზადებდნენ. 

ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. ნაცემია ოპერატორი, დამტვრეულია კამერა. თავდასხმის შემდეგ მთავარი არხის მანქანას გზა მოქალაქეებმაც გადაუკეტეს. 

რას ყვება ჟურნალისტი ნინუცა კეკელია, წაიკითხეთ აქ.


close დახურვა