სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი "რიონის ხეობის მცველებს" ლგბტ სამკლაურის არდაგმობაში ადანაშაულებს და ჰომოფობიური შინაარსის ქადაგებით, "სახალხო შენანებისკენ" მოუწოდებს მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ცუდი ფინალი ელით".
"თუ გინდათ, შვილებო, რომ ღმერთმა გაპატიოთ, უნდა შეინანოთ ჯვრის გმობა და უნდა შეინანოთ ასეთი განურჩეველი და მიმღებლური დამოკიდებულება სოდომ-გომორის ცოდვის მიმართ, თუ სახალხოდ არ შეინანებთ, ძალიან ცუდი ფინალი ელის თითოეულ თქგვენგანს და თქვენს მომავალს პირადად. [...] თუ ფიქრობთ, რომ თქვენ მოგაქვთ გამარჯვება, აუცილებლად დაეცემით, აი, მოგივიდათ კიდევაც ეს დაცემა, საშინელი დაცემა, ორმაგი დაცემა, ჯვრის დაგმობა და მიმღებლობა იმ საშინელი, სამარცხვინო ცოდვის", - ამბობს სპირიდონი.
იგი, ასევე "რიონის ხეობის მცველის", მაკა სულაძის განცხადებას გამოეხმაურა აქციის დროს "ჯვრის გადადებაზე" და მას "ჯვრის მგმობელი" უწოდა. მაშინ, როდესაც, სულაძემ თქვა, რომ აქცია-მსვლელობის დროს აღარ დაიჭერდა ჯვარს, რათა სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის დისკომფორტი არ შეექმნა.
"როცა შენ შენი ნებით ამბობ უარს ჯვარზე და იძახი, იმის გამო, რომ ვიღაცას არ ეწყინოს, მე ჯვარს აღარ ვატარებო, შენი ნებით ამბობ გამარჯვებაზე, ძლევაზე უარს და ჯვრის მგმობელების რიგში დგები.
ასეთი გამონათქვამი, თუნდაც ის უნებლიედ იყოს ნათქვამი, აუცილებლად, როგორც საჯაროდ იქნა დაგმობილი ჯვარი, ასევე საჯაროდ უნდა იქნას შენანებული, თორემ ამის ბოლო არის დამარცხება. ჯვრის მტერი ვერასდროს ვერ გაიხარებს" , - აცხადებს მეუფე სპირიდონი.
რიონის ხეობის მცველმა მაკა სულაძემ განმასხვავებელი სიმბოლიკის შესახებ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც 24 მაისს სამოქალაქო აქტივისტს ლგბტ სამკლაურის გამო პროპუტინურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა აქციის დატოვება მოსთხოვეს.
მაკა სულაძემ განმარტა, რომ თბილისში მცხოვრებ განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლებს თავისი ჯვრის ტარებით არ შეუქმნიდა დისკომფორტს.
"თბილისი მრავალეროვანი ქალაქია. დარწმუნებული ვარ აქ სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც ბრძანდებიან, მათთვის ისეთივე ძვირფასია ქართული მიწა, როგორც ჩემთვის. ჩემი ჯვრის ტარებით არ შევუქმნი მათ უხერხულობას. ეს არის მაგალითი მათთვის, ვისაც პრინციპულად უნდა, რომ რაღაც განსხვავებული ნიშანი ატაროს და ამით წარმოაჩინოს თავი. ძალიან გთხოვთ ყველას, ერთმანეთს ვცეთ პატივი, ვისწავლოთ ერთმანეთის შეგუება, ერთმანეთის სიყვარული და ამის შემდეგ გვექნება ისეთი ქვეყანა, როგორზეც ჩვენ ვოცნებობთ", - თქვა მან.