logo
ENG



მეუფე სპირიდონმა ​ლგბტქი უფლებებზე შეთანხმების ხელმომწერი პოლიტიკოსების ზიარება აკრძალა

23 ივნ 202117:28
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/23/ffupg8f2ejonwcg.jpg

სხალთის მიტროპოლიტმა სპირიდონმა მღვდლებს "კატეგორიულად" აუკრძალა იმ პოლიტიკოსების ზიარება, რომლებმაც ლგბტქი უფლებების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, ეს პოლიტიკოსები ზიარებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, როდესაც "ცოდვას მოინანიებენ".

"მე, ღვთისგან მოცემული ძალაუფლებით და ჩვენი დედა ეკლესიისგან მოცემული ძალაუფლებით, ჩვენ ეპარქიაში კატეგორიულად გიკრძალავთ ზიარებას იმათსას, ვინც არიან იმ პარტიის წევრები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ჰომოსექსუალისტებთან კავშირს. მათ უნდა შეინანონ, უნდა გამოვიდნენ იმ პარტიიდან ან იმ პარტიამ უნდა შეინანოს და დიდი სინანულის შემდეგ უკვე შეიძლება მერე მაგისი ზიარება. აქ ხართ სამღვდელოება და ამას კატეგორიულად გიკრძალავთ", - თქვა მეუფე სპირიდონმა

მანვე თქვა, რომ "ჰომოსექსუალიზმი სატანის რელიგიაა" და ყველა, ვინც მათ იდეოლოგიას გაიზიარებს, "ჯოჯოხეთში მოხვდება".

"ამას იმიტომ აკეთებენ, ამ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას მსოფლიოში, რომ ესენი ყველა ეშმაკის მრევლია. ვინც მათ თაყვანს სცემს, ვინც მათ იდეოლოგიას გაიზიარებს, სამწუხაროდ, რაც გააკეთა იმ 15 პარტიამ, ისინი ნათელს ვერ იხილავენ ვერასოდეს ღვთისას. საელჩოები გასაგებია, ეს ის ქვეყნებია, სადაც ანტიქრისტეს ტახტი უკვე დადგმულია. ისინი ჯოჯოხეთში მიდიან თუ არ შეინანეს. რა თქმა უნდა, მათი ზიარება არ შეიძლება. იმიტომ რომ ჰომოსექსუალიზმი ფაქტობრივად რელიგიაა დღეს, სატანის რელიგიაა და მათი მხარდამჭერები არიან სატანის მხარდამჭერები", - თქვა მიტროპოლიტმა, რომელსაც ჰომოფობიური განცხადებები აქამდეც არაერთხელ გაუკეთებია.

პოლიტიკურმა პარტიებმა ლგბტქი უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებას 16 მაისს მოაწერეს ხელი

ხელმომწერებს შორისაა: ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია, გირჩი, გირჩი - მეტი თავისუფლება, კანონი და სამართალი, პროგრესი და თავისუფლება, დროა, სამართლიანობისთვის, თავისუფალი დემოკრატები, რეფორმერი, ერთიანი საქართველო, გამარჯვებული საქართველო.

შეთანხმებას არ აქვს მმართველი გუნდის, ქართული ოცნების ხელმოწერა.


close დახურვა