logo
ENG



მეუფე სტეფანე: ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალურობა უნდა დასრულდეს

14 თებ 202113:05
3 წუთის საკითხავი
clock 2186

"ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალურობა უნდა დასრულდეს", - ეს ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ თქვა, რომელიც სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიაში გადადის.

როგორც მან საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, სკანდალი ეკლესიის საქმე არ არის.

"უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი ცხოვრება, რომელიც არის საჭირო. განათლება და სახელმწიფოებრიობა, რაც იყო ჭყონდიდის ეპარქიის მთავარი, მნიშვნელოვანი დატვირთვა, ეს უნდა დაუბრუნდეს და ეს სკანდალურობა, უაზრო მითქმა-მოთქმები და პოლიტიკური საუბრები... მე, მაგალითად, არ ვაპირებ და ვისაც უნდა ილაპარაკოს. ეკლესიიდან ამის სურვილი არავის გვაქვს და დასრულდება ალბათ. მე არავის წინააღმდეგ არ მივდივარ იქ, მივდივარ იმისათვის, რომ ეს, რაც არის მთავარი, უფალთან მივიდეთ ყველა და სკანდალები დამთავრდეს. სკანდალი არ არის ეკლესიის საქმე", - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

სინოდის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრესთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიაში გადაყვანილი გადაყვანილი მეუფე გრიგოლი კვლავ წალკის ეპარქიის ეპისკოპოსად დაბრუნდება. მის ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე უწინამძღვრებს

რაც შეეხება ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრეს, მას მღვდელმოქმედება ციანიდის საქმის გარშემო დაწყებული შიდადაპირისპირების შემდეგ 2019 წლის 31 სექტემბერს შეუჩერეს და მოსანანიებლად მონასტერში გაგზავნეს.​

ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების დღიდან, მეუფე პეტრე მისი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობდა და საპატრიარქოს დაკავებული დეკანოზის განთავისუფლებისთვის ხელისუფლებასთან შუამდგომლობისკენ მოუწოდებდა. მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილმა პროვოკაცია მოუწყო.

საჯარო კრიტიკისა და მოწოდებების შემდეგ, მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის "ერთსულოვნების" დირექტორობიდან გაათავისუფლეს და მას გაფრთხილება მისცეს. მიტროპოლიტმა მაშინ განაცხადა, რომ ტელევიზიას პირადად კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ ჩამოაშორა.

2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრე ცაავას მღვდელმოქმედება შეუჩერეს და სინანულისთვის მონასტერში გაგზავნეს. 


close დახურვა