ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველი ჯერჯერობით არ არის.
"ეს საკითხი სასინოდო არ არის. მუშაობს ხალხი იქ, რაღაც საკითხებში გამოძიებაა, სინოდმა იქ რა უნდა გააკეთოს?! ჯერ ბევრი რამე უნდა გავარკვიოთ და მერე შევხედოთ, თუ საჭიროა, სინოდზეც იქნება, თუ არაა საჭირო არ იქნება", - თქვა მეუფე სტეფანემ.
კითხვაზე - უნდა შეუშვან თუ არა სახალხო დამცველი პანსიონში, მეუფემ თქვა, რომ ეკლესიასთან შეთანხმების შემთხვევაში, ეს პრობლემა არ იქნება.
"ამასთან დაკავშირებით ეკლესიამ გამოთქვა პოზიცია. მიმართოს ეკლესიას და მერე ეკლესიასთან ერთად რა თქმა უნდა შესაძლებელია. არ უთქვამს ეკლესიას, რომ არ შეუშვებს", - თქვა მეუფემ.
რაც შეეხება მეუფე სპირიდონს, ჭყონდიდელი მიტროპოლის თქმით, ის წესიერი და პატიოსანი ადამიანია.
"მეუფე სპირიდონი მართალი, წესიერი ადამიანია. სხვა მხრივ ვერ გეტყვით იქ რა და როგორ... მე ვიცი, რომ უამრავი დრო და სახსრები დახარჯა მან ამ ბავშვებისთვის, სიყვარული რაც მთავარია, გადაგებული არის ამ ბავშვებზე. მე ვიცი ერთი რამეც, რომ გეგმაზომიერად მიდის ეკლესიის დისკრედიტაცია და ეს ერთერთი ნაწილია ამის. ეს პირდაპირ ჩანს მოქმედებებში, მაგრამ კონკრეტული სიტუაციები არ ვიცი", -აღნიშნა მეუფემ.
ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი მართავს და რომელსაც ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ, კვლავაც რჩება 23 ბავშვი.
სახალხო დამცველს კი ისევ არ ეძლევა პანსიონში შესვლის საშუალება - ომბუდსმენს პანსიონში მთავარეპისკოპოსი სპირიდონი და საპატრიარქო დისკრიმინაციული მოტივით არ უშვებს.
სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.
პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.
განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან საუბარს უკრძალავს.
ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.
ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს.
ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).