logo
ENG



მეუფეების ნაწილი მთავრობასთან შეხვედრას მოითხოვს

17 აპრ 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

სამების საკათედრო ტაძარში დღეს მრევლი ფეხით მივიდა, მეუფეები კი მანქანით. საქართველოს საპატრიარქომ მთავრობასთან სატელეფონო საუბრისას გაარკვია, რომ გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები მათ და ღვთისმსახურებს არ ეხებათ. რეგულაციები, რომელიც საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ იყო, მეუფეებისთვის შესწორებას დაექვემდებარა. მეუფეები ნაწილი მთავრობასთან შეხვედრას მოითხოვს.

საქართველოს ეკლესიებში გარდამოხსნის ცერემონია შეკრების კანონის დარღვევით წარიმართა. იყო ერთი ცვლილება - დატირების ცერემონია, რომელიც წლებია იმართება, გაუქმდა.

მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ დამატებითი შეზღუდვები საჭიროა, თუმცა ამ შეზღუდვებს თავადვე არღვევენ. ნაწილი კი მთავრობის გადაწყვეტილებებში არა პანდემიის პრევენციისთვის საჭირო რეკომენდაციებს, არამედ ეკლესიის დევნის კამპანიას ხედავს.

ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით მრევლის პოზიციას იზიარებს სასულიერო პირების ნაწილი. გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი, მეუფე იოანე იმასაც კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას აღდგომის ღამეს კომენდანტის საათის უნდა მოეხსნა.

საპატრიარქოსგან გასნხვავებული პოზიცია აქვს ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტს, მეუფე ისაიას. ის მრევლს მოუწოდებს, რომ ზიარების შემდეგ პრევენციის მიზნით ორკვირიან იზოლაციაში დარჩნენ. სააღდგომო წირვას კი კომენდანტის საათის შემდეგ გამართავს.

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომისთვის ემზადება. ეპარქიების ნაწილში ღამისთევა მხოლოდ მონასტრებში მრევლის გარეშე გაიმართება. წირვას კი კომენდანტის საათის შემდეგ მრევლთან ერთად ჩაატარებენ. ეპარქიების ნაწილი მრევლს ტაძარში 9-მდე მიიყვანს და ერთ სივრცეში თითქმის 10 საათი გააჩერებს.


close დახურვა