logo
ENG



მეცნიერებათა აკადემიაში წევრ-კორესპონდენტთა რაოდენობა 30-მდე იზრდება - ცვლილებები კანონში

13 ივნ 202413:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/13/okagnubdvjj8lpt.png

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც მეცნიერებათა აკადემიას "კვლავ მიეცემა წევრ -კორესპონდენტთა არჩევის უფლებამოსილება".

"მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების ავტორები ოცნების წევრები გივი მიქანაძე, გიორგი სოსიაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე არიან. ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა.

მოქმედი კანონმდებლობით, აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისა და აკადემიის სტიპენდიატების საერთო რაოდენობა ორმოცს არ უნდა აღემატებოდეს.

ცვლილებების თანახმად კი, აკადემიაში გათვალისწინებული წევრ-კორესპონდენტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30-ს, ხოლო აკადემიის სტიპენდიატებისა 10-ს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, დღეისათვის აკადემიაში 10 წევრ-კორესპონდენტი და 9 სტიპენდიატია.

"წევრკორესპონდენტები და სტიპენდიატები იღებენ კანონით დადგენილ თანაბარ ანაზღაურებას 1000 ლარის ოდენობით. კანონპროექტით აკადემიას უფლება ეძლევა აირჩიოს კიდევ 20 წევრ - კორესპონდენტი. აღნიშნული გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით საშემოსავლო გადასახადის წარმართვას. გადასახადის ოდენობა დამოკიდებული იქნება არჩეულ წევრკორესპონდენტთა რაოდენობაზე."

ინიციატორები განმარტებით ბარათში აღნიშნავენ, რომ საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, 2009 წლის 1 მაისიდან შეწყდა აკადემიის წევრკორესპონდენტთა არჩევა, რამაც "მათი მილევად რეჟიმში გადაყვანა გამოიწვია".

დღეს მოქმედი რედაქციით, წევრ-კორესპონდენტები აკადემიის წევრები არიან და მონაწილეობას იღებენ აკადემიის მართვის უმაღლეს ორგანოში, აკადემიის საერთო კრებაში, თუმცა მათი არჩევის საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს.

ინიციატორების მტკიცებით, "საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს აკადემიისათვის წევრ-კორესპონდენტთა არჩევის უფლებამოსილების მინიჭებას".

კანონის მიღების აუცილებლობა განმარტებით ბარათში ასეა დასაბუთებული:

"აკადემიაში წევრების არჩევის საკითხი რეგულირებულია კანონით "საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ". მოქმედი რედაქციით, წევრ-კორესპონდენტები აკადემიის წევრები არიან და მონაწილეობას იღებენ აკადემიის მართვაში, თუმცა აღნიშნულ უწყებას არ აქვს შესაძლებლობა წევრ-კორესპონდენტის თანამდებობაზე აირჩიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი. იმისთვის, რომ გაჩნდეს წევრ-კორესპონდენტთა არჩევისთვის სამართლებრივი საფუძველი, მნიშვნელოვანია წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები აისახოს კანონში".

ავტორები კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზებს ასე ასაბუთებენ:

"ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკურმა და სოციალურმა განვითარებამ შეიძინა მკვეთრად გამოხატული დინამიკურობა, გაფართოვდა სამეცნიერო ურთიერთობების სპექტრი, რამაც, თავის მხრივ, გაზარდა აკადემიის, როგორც საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩევლის, ვალდებულებების მოცულობა, რომელთა ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელია უმოკლეს ვადებში აკადემიის რიგების შევსება ახალი სამეცნიერო ძალებით. გარდა ამისა, მეცნიერებაში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების პირობებში ყალიბდება ახალი მიმართულებები. ამ გამოწვევების საპასუხოდ აუცილებელია აკადემიამ შესაბამის დარგებში დროულად აირჩიოს ავტორიტეტული მეცნიერები"- წერია განმარტებით ბარათში.


close დახურვა