ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა გამოდის ინიციატივით, რომ უკრაინელი და მოლდოველი კანონმდებლები ასამბლეას შეუერთდნენ, როგორც დამკვირვებელი წევრები, იქამდე, სანამ ორი ქვეყანა ევროკავშირში ოფიციალურ გაწევრიანებას ელოდება.
"არ დავუშვათ შეცდომა: თუ ქვეყანა პოლიტიკურად ევროპისკენ იყურება, მაშინ ევროპამ კარგები ფართოდ უნდა გააღოს. [...] ჩვენ შეგვიძლია, კიდევ უფრო შორს წავიდეთ, ამ პარლამენტში დამკვირვებელი წევრები გვყავდეს, ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება დეკემბერში", - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა Politico-სთან ინტერვიუში.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკითხზე ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან ისაუბრებს და განიხილავს იგივეს შეთავაზებას დასავლეთ ბალკანეთის ექვსი კანდიდატი ქვეყნისთვის, რომლებიც ასევე ელოდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას.
ევროპარლამენტში დამკვირვებლის სტატუსი ნიშნავს, რომ კანონმდებლები არ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში და იქნებიან ევროპარლამენტში არა არჩეული, არამედ დანიშნული წევრები. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ევროპარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობას მხოლოდ ევროკავშირში ოფიციალური გაწევრიანების შემდეგ იღებენ.
გუშინ, სააგენტო Reuters-მა 3 ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით დაწერა, რომ ევროკომისია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის შეფასებას - უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან მიმართებით 8 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
გამოცემის თანახმად, ევროკომისია უკრაინას და მოლდოვას დადებით შეფასებას მისცემს, შესაძლოა, დამატებითი პირობებით, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.