logo
ENG



მზესუმზირა: მყისიერად გავწყვიტეთ თანამშრომლობა ბიკო ბირბიჩაძესთან, სოლიდარობა მსხვერპლს

26 თებ 202315:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/26/3udyf3vjbuigfs0.jpg

კომუნა მზესუმზირა გამოეხმაურა მარტა ბარამიძის ინტერვიუს, სადაც მან პრომოუტერი ბიკო ბირბიჩაძე ძალადობაში ამხილა.

მზესუმზირამ მსხვერპლი ქალისადმი თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ ბიკო ბირბიჩაძესთან თანამშრომლობა ამ ინტერვიუს შემდეგ მყისიერად შეწყვიტეს.

20 თებერვალს ფორმულას ეთერში, გადაცემაში ია ფარულავას კონვერტი მარტა ბარამიძემ განაცხადა, რომ 16 წლის ასაკში ბიკო ბირბიჩაძემ მასზე ფიზიკურად იძალადა, სექსუალური ძალადობა სცადა და დაემუქრა.

კომუნა მზესუმზირას განცხადება:

"ვეხმაურებით ორშაბათს ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გასულ უმძიმეს ინტერვიუს, სადაც სტუმარმა საჯაროდ დასდო ბრალი მამაკაცს, მის მიმართ განხორციელებულ სასტიკ ქმედებებში.

პირველ რიგში, გვინდა გამოვხატოთ თანაგრძნობა და მხარდაჭერა მსხვერპლის მიმართ, რომელმაც დიდი გამბედაობა გამოიჩინა ამბის გასაჯაროებით.

სამწუხაროდ, ადამიანი რომელიც ქალმა დაასახელა, ბიკო ბირბიჩაძეა და ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ჩვენთან, პრომოუტერის პოზიციაზე.

სატელევიზიო სიუჟეტის გასვლის შემდეგ, ჩვენ მყისიერად გავწყვიტეთ თანამშრომლობა აღნიშნულ პირთან.

ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში, ჩვენ, ამ ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც უსაფრთხოების და თანასწორობის განცდა ექნება თითოეულ სტუმარს, ვალდებულები ვართ ყველაფერი გავაკეთოთ შესაბამისი გარემოს შესაქმნელად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩვენს სივრცეში ახდენს სოციალიზაციას, ჰქონდეს გარანტირებული განცდა იმისა, რომ მისი უსაფრთხოება ამ ადგილას არ დაირღვევა.

სწორედ, ამიტომ მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ.

კომუნა "მზესუმზირა" სოლიდარობას უცხადებს ყველა მსხვერპლს და მიიჩნევს, რომ მხოლოდ სოლიდარობით, თანაგრძნობით და ერთად დგომითაა შესაძლებელი მომავალში ამ თუ სხვა სახის ძალადობის გამორიცხვა"

 

close დახურვა