logo
ENG



მთავარეპისკოპოსი ზენონი: ჩემი ნებართვის გარეშე გასაჯაროებული წერილი ავთენტურია

15 თებ 202112:50
3 წუთის საკითხავი
clock 971

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი ადასტურებს, რომ წერილი, რომელიც მან პატრიარქს ივლისში მისწერა და გუშინ, 14 თებერვალს გავრცელდა, ავთენტურია. 

თუმცა, მისი თქმით, წერილი მისი ნებართვის გარეშე გასაჯაროვდა

"ვადასტურებ რა, ჩემი სახელით, მაგრამ ჩემი ნებართვის გარეშე გასაჯაროებული წერილის ავთენტურობას, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დასახელებული კორესპონდენცია წარმოადგენს სავსებით ნორმალური ხასიათის საქმიან საბუთს, რომლის მსგავსიც ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესიის არქივში მრავლად მოიძებნება". 

ამასთან, მღვდელმთავრის თქმით, "შეკითხვებს ბადებს დასახელებული წერილების და მათში შესული ინფორმაციის უსწრაფესი თარგმნა და გავრცელება მცხეთისა და კონსტანტინოპოლის საყდართა შორის დაპირისპირების მცდელობით დაინტერესებულ უცხოენოვან მედია სივრცეშიც". 

წერილში, რომელიც მთავარეპისკოპოსმა 2020 წლის 13 ივლისს პატრიარქ ილია მეორეს მისწერა წერილი, ნათქვამია, რომ "საპატრიარქოს მხრიდან მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მათი სახელისუფლებო ბერკეტით თურქეთში არსებული საქართველოს საელჩოსა და საკონსულოსადმი მითითება, მსოფლიო პატრიარქის მიერ აღვლენილ ღვთისმსახურებაზე დასწრებისგან თავის შეკავების მოწოდებით, რაც აღქმულია მსოფლიო პატრიარქთან ფარული ომის გამოცხადების ტოლფასად". 

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული წერილში ასევე ამბობს, რომ თურქეთში იყო ადგილობრივი ქართული თემის დაპირისპირების მცდელობა მსოფლიო პატრიარქთან.  

მოვლენები და კრიტიკა, რომელზეც მეუფე ზენონი ყვება, დეკანოზ ილია ჯინჯოლავას გადაწყვეტილებას მოჰყვა, დაეტოვებინა საქართველოს საპატრიარქოს იურიდიქცია და კონსტანტინოპოლის ეკლესიის იურისდიქციაში გადაენაცვლა. ამ მოთხოვნით მან სწორედ მეუფე ზენონს მიმართა, მანაც დააკმაყოფილა ჯინჯოლავას მოთხოვნა და განატევა ის. 

მღვდელმთავარი ამბობს, რომ მან შესაბამისი ინფორმაცია პატრიარქს წერილით მიაწოდა, თუმცა, გამოთქვამს ეჭვს, რომ სხვა მაღალიერარქების გამო ილია მეორემ ვერაფერი შეიტყო. მოგვიანებით მღვდელმთავრებმა მეუფე ზენონს კანონიკური სამართლის დარღვევაში დასდეს ბრალი, თუმცა, როგორც თავად მთავარაპისკოპოსი ამბობს, მას არაფერი დაურღვევია, ირაკლი (ილია) ჯინჯოლავას კი ჰქონდა საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის დატოვების უფლება.  

აღსანიშნავია, რომ 9 თებერვალს მსოფლიო პატრიარქმა, ბართოლომეოსმა ილია მეორეს გამოუგზავნა წერილი და სთხოვა, შემთხვევით არ დაიჭიროს საქმე მსოფლიო საპატრიარქოს მიერ განკვეთილ სასულიერო პირებთან. ბართოლომეოს I-მა მიუთითა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ რამდენიმე კლერიკოსი სამღვდელო ხარისხიდან ერისკაცობამდე დაიყვანა უკიდურესად მძიმე კანონიკური დანაშაულისთვის. 


close დახურვა