მთავარი არხის ოპერატორმა, ლევან აბლოთიამ, რომელიც ქარელში ქართული ოცნების ოფისიდან გადმოაგდეს, კლინიკა დატოვა. ჟურნალისტებთან მან მომხდარის დეტალები გაიხსენა.
"სად არ გვიმუშავია ჟურნალისტებს, ოპერატორებს, სად რა არ განგვიშუქებია ცხელი წერტილებიდან, მაგრამ მსგავსი აგრესია და ძალადობა ადამიანის მიმართ სრულად უცნობი ადამიანებისგან არსად არ მინახავს. მაგრამ ერთი ვიცი, რომ ამათი ხელიდან ადამიანი მკვდარია", - ამბობს ოპერატორი.
მისი თქმით, ოფისიდან ჟურნალისტი ბექა ყორშია ძალის გამოყენებით გაიყვანეს და მანაც ოფისი დატოვა. აბლოთია ყვება, რომ ქართული ოცნების წევრებმა ოფისში ჩაიკეტნენ, სიტუაცია კი მაშინ დაიძაბა, როცა აივანზე "სტენდაპს" წერდნენ.
"გამოვარდა, დაახლოებით 4 თუ 5 ადამიანი, ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი რას. ვარიდებდი თავს, უკან უკან მივდიოდი. მინდოდა, დისტანცია ყოფილიყო ჩემსა და აგრესორ ადამიანს შორის, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა და ამ ჭიდაობასა და ხელის კვრაში, წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი. უბრალოდ თავს ვიცავდი, მაგრამ ვერ დავიცავი ბოლომდე თავი და მოხდა ის რაც მოხდა, გადმომაგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით", - აცხადებს მთავარი არხის ოპერატორი.
მთავარი არხის ინფორმაციით, ტელეკომპანიის ოპერატორი, ლევან აბლოთია ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გუშინ, 15 სექტემბერს, დაახლოებით 19:20 საათზე გადმოაგდეს.
მასთან ერთად ჟურნალისტი ბექა ყორშია მუშაობდა. ის ყვება, რომ მათ ქარელის მერის ჩაწერა სურდათ, თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ქართულ ოცნებაში ოპერატორზე ძალადობის ფაქტს უარყოფენ. პარტიის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, ლევან აბლოთია შენობიდან უკუსვლით გადიოდა, რა დროსაც მოაჯირს წამოედო და გადავარდა.