სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მთავარი არხის ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივლისს, დილის საათებში ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე და ოპერატორი მანუჩარ მჟავანაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტ სოფელ სუფსაში, ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდნენ, რეპორტაჟზე მუშაობის დროს, ბრალდებულმა ვ.ი-მ, მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
"ამავე დროს ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვ.ი-ს ძმამ ა.ი-მ, რომელმაც რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ვლადიმერ მენაბდემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება ტუჩის არეში. ა.ი-მ ასევე დააზიანა ტელეკომპანია მთავარი არხის ვიდეო კამერა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტსა და ოპერატორს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 26 ივლისს, სოფელ სუფსაში მცხოვრები მოქალაქეები ვ.ი. და ა.ი. ,სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით", - წერია განცხადებაში.
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.