logo
ENG



მთავარი პრობლემა ივანიშვილის და მისი კლოუნების ქმედებებია - ოპოზიცია სენატორის კრიტიკაზე

20 თებ 202015:02
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან მორიგ კრიტიკულ გზავნილს ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, სტრატეგიული პარტნიორები ქვეყანას მხარს უჭერენ, თუმცა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის.

„ეგ განცხადება, ისევე როგორც ყველა საჯარო კომუნიკაცია საქართველოს მეგობრებისგან, საერთო ჯამში შეიცავს ერთ გზავნილს, საქართველოს მეგობრები მხარს უჭერდნენ ადრეც, დღესაც და სურთ რომ ხვალაც მხარი დაუჭირონ საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიას, სახელმწიფოებრიობას. პრობლემა ამ გზაზე, გარდა გარე მტრისა, არის შიგნით, ივანიშვილის და მისი კლოუნების მიერ გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა  გიგა ბოკერიამ.

სენატორის გზავნილებს დამაფიქრებელს უწოდებს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე. ის ამბობს, რომ როდესაც სენატიდან სანქციებზეა საუბარი, ეს შესაძლოა, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის პრობლემა გახდეს.

„როდესაც სტრატეგიული პარტნიორის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისგან ხშირად გვესმის სიტყვა „სანქციები“, ეს არის ძალიან დამაფიქრებელი და ეს უკვე მხოლოდ მმართველი გუნდის პრობლემა აღარ არის, შესალოა გადაიზარდოს ქვეყნის პრობლემაში“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელმა თბილისში ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრა გამართა. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მან საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე ისაუბრა და ჩამოიტანა სენატის კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა, სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება.


close დახურვა