კობა გვენეტაძის განცხადებას რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით ეხმიანებიან დარგის სპეციალისტები. ისინი მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკის ეს ინტერვენცია ლარის გაუფასურებას ვერ შეაკავებს.
ექსპერტები აცხადებენ, რომ მხოლოდ რეზერვებით ქვეყანა ფონს ვერ გავა. სპეციალისტები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დროულად წარმოადგინოს ეკონომიკური გეგმა და იმუშაოს საერთაშორისო დონეზე დახმარების მისაღებად.
„რეზერვების ზომიერი ხარჯვა და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება, ასევე საერთაშორისო დახმარება - წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ფონს ვერ გავალთ", - აცხადებს გიორგი კეპულაძე.
ეკონომისტები ამბობენ იმასაც, რომ ინტერვენციებით ეროვნული ბანკი მხოლოდ მოლოდინებზე მოახდენს გავლენას - ლარი რეალურად მხოლოდ მაშინ გამყარდება, როცა ამუშავდება ეკონომიკა.
„მსგავსი ინტერვენციით მარტო მოლოდინების ნაწილის მართვა მოხდება - ფუნდამენტური ნაწილი, რამაც გააუფასურა ლარი, არის ის, რომ ამუშავდეს ეკონომიკა - ასე ლარი დაიწყებს გამყარებას", - ამბობენ საექსპერტო წრეებში.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ლარი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარი გაიტანა აუქციონზე.